LIVE

უკრაინა ბოლო გემმა დატოვა - შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება რუსეთის ხელშია

17 მაი 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
უკრაინა ბოლო გემმა დატოვა - შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება რუსეთის ხელშია

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის პორტი ბოლო გემმა დატოვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, გემმა სახელწოდებით DSM Capella, ჩორნომორსკის პორტი დატოვა და თურქეთისკენ გაემართა. ის 30 000 ტონა სიმინდით არის დატვირთული. 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ვადა ხვალ გასდის. რუსეთი იმუქრება, რომ შეთანხმებას არ გააგრძელებს, თუ სოფლის მეურნეობის ექსპორტთან დაკავშირებით, მისი მოთხოვნები არ შესრულდება.  

"გარიგების ჩვენს ნაწილთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი ღია კითხვაა. ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა", - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.  

მიუხედავად იმისა, რომ რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს არ ექვემდებარება, მოსკოვი ამბობს, რომ გადახდებზე, ლოგისტიკასა და დაზღვევაზე არსებული შეზღუდვები გადაზიდვებისთვის ბარიერს წარმოადგენს.

აშშ-მა რუსეთის ბრალდებები უარყო. აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა გასულ კვირას თქვა, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი თუ არ აღემატება, არ ჩამოუვარდება ომამდე არსებულ დონეს. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ შეთანხმების მინიმუმ ორი თვით გაგრძელებას ელის. 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 2022 წლის ივლისში გაფორმდა. შეთანხმებაში შედიან უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო. იგი მიზნად ისახავს უკრაინული პორტებიდან მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ევროპისათვის უსაფრთხოდ მიწოდებას. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტსაც.