LIVE

სურსათის გლობალური ფასები მაისში ორწლიან მინიმუმამდე შემცირდა

03 ივნ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 405
სურსათის გლობალური ფასები მაისში ორწლიან მინიმუმამდე შემცირდა

გაეროს სურსათის სააგენტოს (FAO) სურსათის ფასების ინდექსი გასულ თვეში ორწლიან მინიმუმამდე შემცირდა

ინდექსი, რომელიც ყველაზე გაყიდვადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასებს აკონტროლებს, მაისში 2.6%-ით, 124.3 ქულამდე შემცირდა. აპრილში ეს მაჩვენებელი 127.7-ს შეადგენდა.  

მთლიანობაში საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქონლის ფასები 22%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გასული წლის მარტში პიკურ ფასს მიაღწია. 

სააგენტოს თანახმად, შაქრისა და ხორცის მაღალი ფასები მარცვლეულის, მცენარეული ზეთისა და რძის პროდუქტების ფასის კლებამ დააბალანსა. სურსათის ფასების კლებაზე შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელებამ და ევროპის ქვეყნებში კარგმა მოსავალმა იმოქმედა. 

მიუხედავად იმისა, რომ გასული 14 თვის განმავლობაში სურსათის ფასების ინდექსი 13 თვეში შემცირდა, ის მომხმარებლებისთვის საგრძნობი ჯერჯერობით არ არის, რადგან კვლავ მაღალია ტრანსპორტირების, ხელფასებისა და ენერგიის ხარჯები.

სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი ჯოზეფ გლაუბერის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში საკვების მაღალი ფასები ადგილობრივი მიზეზებით აიხსნება. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.1%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 1.5% შეადგინა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3%-ით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 9.3%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 7.1%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 6.3%;
  • თევზეული - 6%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 4.6%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.2%;
  • პური და პურპროდუქტები - 1.8%;
  • ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე - 17%;
  • ფასები ასევე შემცირდა ხილსა და ყურძენზე - 12%.