LIVE

უძრავი ქონების სააგენტო: თბილისში ქირაზე მოთხოვნა და ფასები შემცირებულია

01 ივნ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 498
უძრავი ქონების სააგენტო: თბილისში ქირაზე მოთხოვნა და ფასები შემცირებულია

უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა და ფასები შემცირებულია.

როგორც სააგენტო Liberte-ში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, ბოლო პერიოდში მოთხოვნის და ფასების კლება ძირითადად გრძელვადიან ქირებს ეხება და ამის მთავარი მიზეზი მიგრანტების მხრიდან მიმართვიანობის შემცირებაა.

სააგენტოს დირექტორის განმარტებით, მაისში წინა თვესთან შედარებით რიგ შემთხვევაში ქირაზე ფასები 10-15%-ით შემცირდა. რაც შეეხება მოლოდინებს, უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს თვეებში ფასები მცირედით კიდევ დაკორექტირდეს.

„მიგრანტების მხრიდან გრძელვადიან ქირაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად, 40%-ითაა შემცირებული, რისი მიზეზიც ისაა, რომ მათმა ნაწილმა საქართველო უკვე დატოვა, ნაწილმა კი თავად იყიდა ბინა. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან ქირაზე ფასები ბოლო ერთ თვეში დაახლოებით 10-15%-ითაა შემცირებული. მაგალითად, თუკი აპრილში საბურთალოზე ახალაშენებულ კორპუსში ოროთახიანი ბინა 900 დოლარად ქირავდებოდა, ახლა ასეთი ტიპის ბინების გაქირავება 600 დოლარადაც ჭირს, რადგან დამქირავებელი ნაკლებადაა. ველით, რომ ზაფხულის პერიოდში ფასები შესაძლოა დამატებით 5%-ით შემცირდეს, რადგან ამ პერიოდში გრძელვადიან ქირაზე მოთხოვნა ნაკლებადაა. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მოკლევადიან ქირაზე, ამ მიმართულებით ჯერჯერობით ფასების კლება არ ფიქსირდება“, - განაცხადა ნინო პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, TBC Capital-ის კვლევის თანახმად, აპრილში თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი წლიურად 52%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით 1.6%-იანი კლება დაფიქსირდა. აპრილში 1 კვ.მ-ს საშუალო გასაქირავებელი ფასი 12.8 დოლარი იყო.

ამასთან, ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებაში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, სებ-ის შეფასებით, საქართველოში ბინების ქირის ფასის ზრდა მის გრძელვადიან ტრენდს დაახლოებით 30%-ით აღემატება. შესაბამისად, სებ-ი ფინანსურ ინსტიტუტებს რეკომენდაციას აძლევს, დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას ეს დინამიკა გაითვალისწინონ.