ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოში უძრავი ქონების ქირის ფასის ზრდა მის გრძელვადიან ტრენდს დაახლოებით 30%-ით აღემატება.
სებ-ი ფინანსურ ინსტიტუტებს რეკომენდაციას აძლევს, დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას ეს დინამიკა გაითვალისწინონ.
მარეგულირებელი განმარტავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა.
„უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასი კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა.
უძრავი ქონების გაყიდვის ფასების ზრდა მეტწილად მშენებლობის ხარჯებისა და სამრეწველო პროდუქციის ინფლაციის თანაზომიერია. ხოლო ქირის შემთხვევაში, ზრდა უფრო მასშტაბურია და მის გრძელვადიან ტრენდს დაახლოებით 30%-ით აღემატება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას გაითვალისწინონ ეს დინამიკა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.