LIVE

თურქეთის ეკონომიკა 2023 წლის პირველ კვარტალში 4%-ით გაიზარდა

31 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
თურქეთის ეკონომიკა 2023 წლის პირველ კვარტალში 4%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა 2023 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 0.3%-ით.

აღნიშნული ეკონომიკური ზრდა წინასაარჩევნო ხარჯებმა და შინამეურნეობების მოხმარებამ განაპირობა. ამასთან, დაბალი საპროცენტო განაკვეთები და ფისკალური სტიმული თურქეთს მნიშვნელოვნად დაეხმარა, თებერვლის დასაწყისში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგები დაეძლია.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკური ზრდა შენელდება; ამას კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, სამომავლო ეკონომიკური პოლიტიკა. 

2022 წელს თურქეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა; ამ მაჩვენებლით თურქეთი G20-ის ქვეყნებიდან საუდის არაბეთისა და ინდოეთის შემდეგ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკას წარმოადგენდა. ეკონომიკურ ზრდას თურქეთში ხელი შეუწყო ერდოღანის ადმინისტრაციის პოლიტიკამ. კერძოდ, იაფმა დაკრედიტებამ და კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ; ამასთან, მინიმალური ხელფასის დაწესებამ და პენსიების გაზრდამ. 

მიუხედავად ამისა, აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და არასტაბილური სამომხმარებლო ფასების ხარჯზე წარმოებდა; უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად, ინფლაციამ გასულ წელს რეკორდულად მაღალ ნიშნულს, 86%-ს მიაღწია. ამჟამად ინფლაცია 44%-მდეა შემცირებული, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელიც კი G20-ის სხვა ქვეყნებთან შედარებით, არგენტინის გარდა, მაინც უფრო მაღალია. 

შესაბამისად, ამჟამად ერდოღანის ადმინისტრაციის მთავარი გამოწვევა ქვეყანაში ბიუჯეტისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტებია, რომლებიც უფრო და უფრო მეტად ფართოვდება. Bloomberg-ის ეკონომისტების შეფასებით, თურქეთის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.6%-ით შემცირდება. ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების მთავარ მიზეზებად სახელდება, ერთი მხრივ, საგარეო რეზერვების შემცირება და, მეორე მხრივ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც პირველ კვარტალში მშპ-ს 6%-ზე მეტია.