LIVE

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30 მაი 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 503
დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესება, ჩვენი ქვეყნისთვის მოკლევადიანი შოკი იქნება, მაგრამ სანქციები საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცილებით უფრო პროგნოზირებადი და მომგებიანი ბაზრების ფორსირებულად ათვისებას გამოიწვევს.

IDFI-ს შეფასდებით, ამ დივერსიფიცირების გარეშე კი საშუალოვადიან პერიოდში ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას ვერ მივაღწევთ.

„2006 წელს დაწყებული რუსული ემბარგოს, ხოლო შემდეგ ომის შედეგად რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრმა შემცირებამ, საქართველოს ეკონომიკა არათუ ჩამოანგრია, არამედ როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დივერსიფიცირებას სერიოზული ბიძგი მისცა. ამ დივერსიფიცირებისთვის შეუცვლელი იყო დასავლური ტექნიკური დახმარება.

ქვეყანამ ახალი სავაჭრო პარტნიორები შეიძინა, ხოლო ძველ სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობა გაზარდა. ამ მასშტაბით დივერსიფიცირებას სხვა თანაბარ პირობებში ვერ მივაღწევდით. თუმცა 2013 წლიდან საგრძნობლად იზრდება რუსეთთან ვაჭრობის წილი. ეს გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს, რაც ართულებს დივერსიფიცირების ამოცანას.

ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესება ქვეყნისთვის, ცხადია, მოკლევადიანი შოკი იქნება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს გაცილებით უფრო პროგნოზირებადი და მომგებიანი ბაზრების ფორსირებულად ათვისებას. ამ დივერსიფიცირების გარეშე კი ვერ მივაღწევთ საშუალოვადიან პერიოდში ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას.

თუ ერთხელ მოვახერხეთ დივერსიფიცირება, რატომ ვერ მოვახერხებთ ახლა?“ - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

ანგარიშის თანახმად, 2005-2011 წწ. ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა 17.76%-დან 1.67%-მდე ($117 მილიონით, $153.7 მილიონიდან $36.6  მილიონამდე), სანაცვლოდ 2005-2011 წწ. ექსპორტი შემდეგ ქვეყნებთან გაიზარდა:

  • აზერბაიჯანი - ზრდა 9.64%-დან 19.48%-მდე ($342.5 მილიონით, $83.4 მილიონიდან $425.9 მილიონამდე);
  • სომხეთი - ზრდა 4.59%-დან 10.19%-მდე ($183.1 მილიონით, $39.7 მილიონიდან $222.8 მილიონამდე);
  • აშშ - ზრდა 3.09%-დან 6.56%-მდე ($116.8 მილიონით, $26.7 მილიონიდან $143.5 მილიონამდე);
  • უკრაინა - ზრდა 4.27%-დან 6.46%-მდე ($104.3 მილიონით, $36.9 მილიონიდან $141.2 მილიონამდე).

2013 წლიდან კი ექსპორტში რუსეთის წილი 1.97%-დან 2017 წ. 14.49%-მდე იზრდება ($351.1 მილიონით, $46.8 მილიონიდან $397.9 მილიონამდე).

რაც შეეხება იმპორტის დივერსიფიცირების გამოცდილებას, 2006-2011 წწ. ემბარგოს და ომის გამო რუსეთის წილი იმპორტში შემცირდა 15%-დან 5%-მდე ($167.4 მილიონით, $555.4 მილიონიდან $388.0მილიონამდე). სანაცვლოდ 2006-2011 წწ. იმპორტში შემდეგი ქვეყნების წილი გაიზარდა:

  • თურქეთი - ზრდა 14%-დან 18%-მდე ($756.1 მილიონით, $522.6 მილიონიდან $1,278.7 მილიონამდე);
  • ჩინეთი - ზრდა 3%-დან 7%-მდე ($424.4 მილიონით, $103.3 მილიონიდან $527.7 მილიონამდე).

ანგარიშის თანახმად, 2012 წლიდან კი რუსეთის, როგორც მნიშვნელოვანი საიმპორტო ქვეყნის წილი კვლავ იზრდება. 2012-2022 წწ. რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 6%-დან 14%-მდეა ($1,358.7 მილიონით, $476.9 მილიონიდან $1,835.6 მილიონამდე) გაზრდილი.

2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემების მიხედვით კი, რუსეთი უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს 14%-იანი წილით ($622.3 მილიონი).

IDFI-ს შეფასებით, საქართველოს მხრიდან რუსეთთან გაზრდილმა ვაჭრობამ და რუსული კაპიტალის ინექციებმა (რუსეთის მოქალაქეების ხარჯვა და დეპოზიტები) მოკლევადიანი ფისკალური და მონეტარული ეფექტი მოგვცა, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას სერიოზული რისკები ახლავს. ანგარიშის მიხედვით, რისკები, მოკლევადიან ეფექტს, მნიშვნელოვნად გადაწონის.