LIVE

საპენსიო სააგენტოს გაფრთხილება კომპანიებს და ბიზნესის შენიშვნები - რაზე დავობენ მხარეები

30 მაი 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 871
საპენსიო სააგენტოს გაფრთხილება კომპანიებს და ბიზნესის შენიშვნები - რაზე დავობენ მხარეები

კომპანიების ნაწილმა საპენსიო სააგენტოსგან არასწორად შევსებულ დეკლარაციებთან და დასაქმებულებისთვის არასრულად გადახდილ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო.

საპენსიო სააგენტოს მიერ კომპანიებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ მათ მიერ გადახდილ საშემოსავლო გადასახადსა და საპენსიო შენატანებს შორის გარკვეული უზუსტობები გამოვლინდა და დამსაქმებლებს მათი აღმოფხვრა დაევალათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტომ „ბიზნეს ფორმულას“ წერილობითი განმარტება გამოუგზავნა:

„საპენსიო სააგენტო აგრძელებს პროცესს საპენსიო სქემის მონაწილეების ინტერესების დაცვის მიმართულებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდისთანავე მათ სასარგებლოდ განახორციელოს საპენსიო შენატანები. შესაბამისად, მოქალაქეთა ინტერების დაცვის უზრუნველსაყოფად დადარდა შემოსავლების სამსახურსა და საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, სადაც აღმოჩნდა ისეთი ტიპის შეუსაბამობები, რომელიც აზარალებს თავად დასაქმებულს. დამსაქმებლები ვალდებულნი არიან გააანალიზონ საპენსიო სააგენტოსგან მიწოდებული ინფორმაციები და შესაბამისობაში მოიყვანონ მათ მიერ, საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი მონაცემები დასაქმებულების სახელფასო განაცემების შესახებ,“ - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

კერძო სექტორის ნაწილი კი ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოს მოთხოვნები რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებელია და კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ გამგეობის თავმჯდომარემ განაცხადა, საპენსიო სააგენტოს მიერ გაგზავნილ შეტყობინებებში ისეთი სადავო საკითხებია, როგორიცაა იჯარაზე დარიცხული საპენსიო შენატანები. ასევე ბიზნესის ინფორმაციით, კომპანიების ნაწილს დეკლარაციების დაზუსტებას ისეთ დასაქმებულებზეც სთხოვენ, რომლებსაც საპენსიო სქემა ნებაყოფლობით დატოვებული ჰქონდათ.

„მთავარი შენიშვნა ისაა, რომ ჯობდა, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესთან ჯერ შეხვედრები გამართულიყო და შემდეგ დაეწყო საპენსიო სააგენტოს შეტყობინებების და მოთხოვნების დაგზავნა. რაც შეეხება მათი მოთხოვნების კანონიერებას და სამართლიანობას, აქაც ბევრი უზუსტობაა. მაგალითად, დეკლარაციების დაზუსტებას ითხოვენ 2019 წლის პერიოდზეც, რაც საგადასახადო მიზნებისთვის უკვე ხანდაზმულია. ასევე ბევრი უზუსტობებია იჯარების ნაწილშიც. სადავოა 2018 წლის დეკემბრის ხელფასებიც, რომლებიც კომპანიებმა 2019 წლის იანვარში გასცეს და შესაბამისად, არც საპენსიო შენატანები დაარიცხეს. ჩვენ არანაირად არ დავუჭერთ მხარს იმას, რომ რომელიმე კომპანიამ საპენსიო შენატანი არ გადაიხადოს და თავი აარიდოს ამ ვალდებულებას. თუმცა ამ დრომდე ვერავინ ვერ მოიყვანა კონკრეტული მონაცემები, რამდენი კომპანიაა ასეთი, ვინც თავს არიდებს საპენსიო შენატანის გადახდას და რა წილი უჭირავთ მათ. ასეთი მიდგომა იწვევს იმას, რომ ერთად ექცევიან კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი საწარმოები და ყველას დაეგზავნა შეტყობინება შეუსაბამოებთან დაკავშირებით. თუმცა რა შეუსაბამოები აქვთ, ეგეც გაურკვეველია, რადგან საპენსიო სააგენტოს შეტყობინებაში ისიც კი არაა მითითებული, რომელი თვის დეკლარაციებშია უზუსტობები“, - განაცხადა გოჩა ხარჩილავამ.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით გუშინ საპენსიო სააგენტოს და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის შემოსავლების სამსახურის ჩართულობით.

ცნობისთვის, შარშან პარლამენტში გამოსვლისას საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ განაცხადა, რომ კომპანიების ნაწილი დასაქმებულებს საპენსიო შენატანს არასრულად უხდის, ანდაც საერთოდ თავს არიდებს მის გადახდას. საპენსიო სააგენტოში აცხადებდნენ, რომ ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრდებოდა.