LIVE

რა ელის თურქეთის ეკონომიკას ერდოღანის გამარჯვების შემდეგ

01 ივნ 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1372
რა ელის თურქეთის ეკონომიკას ერდოღანის გამარჯვების შემდეგ

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.1% მიიღო, რითაც წარმატებით გაიხანგრძლივა პრეზიდენტობის სტატუსი. მან ხმათა მცირე განსხვავებით დაამარცხა ოპოზიციონერი ქემალ ქირიჩდაროღლუ, რომელმაც არჩევნებში 47.9% მოიპოვა. ერდოღანის გამარჯვებამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ პოლიტიკამ ჯანსაღი ეკონომიკა დაძლია. საინტერესოა, თუ რა მოლოდინები არსებობს ერდოღანის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ თურქეთის ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ერდოღანის გამარჯვება, სავარაუდოდ, გაამძაფრებს იმ პრობლემებს, რომლებიც 80-მილიონიანი მოსახლეობის მქონე თურქეთის ეკონომიკას უკვე დიდი ხანია აწუხებს. 2023 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის მაჩვენებელმა 44% შეადგინა, რის მიზეზადაც სახელდება ერდოღანის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც თურქეთის ცენტრალურ ბანკს საშუალებას არ აძლევს, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის შესამცირებლად. ეს კი სავარაუდოდ თურქულ ლირას კვლავ რეკორდულად დაბალ დონეზე დატოვებს. თურქეთის ეროვნული ვალუტა გასული წლის დასაწყისთან შედარებით უკვე 6%-ითაა გაუფასურებული; თუკი გასული ათწლეულის დასაწყისთან შევადარებთ, ლირა დოლართან მიმართებით მთელი ამ დროის განმავლობაში 90%-ით დაეცა. 

შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა თურქეთში უარი თქვა მოკლევადიან ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც გაცვლითი კურსის კორექტირებას მოჰყვებოდა; თუმცა აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ქირიჩდაროღლუ თურქეთს მეტად ჯანსაღ ეკონომიკურ პოლიტიკას ჰპირდებოდა. იგი ითვალისწინებდა პოლიტიკის გამკაცრებას, რითაც საპროცენტო განაკვეთები გაიზრდებოდა. 

თუკი ერდოღანი გააგრძელებს არსებულ პოლიტიკას, თურქეთის ეკონომიკური პრობლემები სხვებისთვისაც გამოწვევა გახდება: სუსტი ლირა გაართულებს სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, რაც ვალების უცხოურ ვალუტაში გადახდას ითვალისწინებს. ამის გამო, სავარაუდოა, რომ დასავლელი ინვესტორები ქვეყანას დატოვებენ. ამასობაში კი სხვა ჯგუფის სახელმწიფოები ახლოვდებიან თურქეთთან: კერძოდ, ანკარამ ბოლო წლებში $28 მილიონის ვალუტის სვოპ გარიგებები გააფორმა საამიროებთან, კატართან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან, რაც თურქეთის ცენტრალურ ბანკსა და ადგილობრივ ბაზარს მნიშვნელოვნად დაეხმარა. 

გარდა ეკონომიკურისა, პოლიტიკური კუთხით ერდოღანის გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთი უფრო მეტად დაშორდება დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა NATO-ს წევრია, ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაინც უმჯობესდება. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში რუსულმა ნავთობმა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღარ იღებენ, თურქეთის მიერ იმპორტირებული ნავთობის 80% შეადგინა. 

ერდოღანის საპირისპიროდ ქილიჩდაროღლუს მთავარი დაპირება პოლიტიკაში დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკაში იმგვარი ნაბიჯების გადადგმა იყო, რომლებიც ქვეყანაში ჰიპერინფლაციის, სუსტი ვალუტისა და ცხოვრების ხარჯების კრიზისის მოგვარებას ითვალისწინებდა. ქილიჩდაროღლუმ შედეგები "ყველაზე უსამართლო არჩევნებად" შეაფასა; მიუხედავად ამისა, დამარცხებულ კანდიდატს შედეგები არ გაუპროტესტებია.