LIVE

ავსტრალიის ეკონომიკა უფრო პერსპექტიულია, ვიდრე მოელოდნენ

05 მარ 202115:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1174
ავსტრალიის ეკონომიკა უფრო პერსპექტიულია, ვიდრე მოელოდნენ
James Bugg

დაკეტილი საზღვრების წელიწადმა, ავსტრალია ახლებურად დააფიქრა გლობალიზაციაზე. Covid-19-მდე ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგია მიმართული იყო იმიგრანტების, უცხოელი სტუდენტების და ტურისტების დიდი ნაკადების მოზიდვაზე, რასაც ემატებოდა მადნეულის და აგრო-ნაწარმის ექსპორტი. ასეთი პოლიტიკის წყალობით ქვეყნის ეკონომიკა 28 წლის მანძილზე უწყვეტად იზრდებოდა. ავსტრალიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საზღვარგარეთაა დაბადებული, ან ერთი მიგრანტი მშობელი მაინც ჰყავთ.

შემდეგ დაიწყო პანდემია, რამაც გაამკაცრა საერთაშორისო ვაჭრობის კონტროლი და ამას თან დაერთო ჩინეთთან გამწვავებული ურთიერთობა, რომელზეც ავსტრალიის ექსპორტის მესამედი მოდიოდა. ქვეყნის ეკონომიკამ პირველად განიცადა რეცესია ბოლო ათწლეულების მანძილზე. ამის მიუხედავად, ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ავსტრალიის მშპ ამ წლის შუაში 2019 წლის ბოლოს ნიშნულს დაუბრუნდება, რაც 6-12 თვით უფრო ადრეა, ვიდრე პროგნოზირებდნენ.

როგორ მოხდა ეს? უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური და რეგიონალური მთავრობები ეფექტურად თანამშრომლობდნენ პანდემიის გავრცელების შეკავებაში, რის გამოც არ ყოფილა ხანგრძლივი ლოქდაუნების აუცილებლობა. ქვეყანაში 100.000 ადამიანზე Covid-19-ის მაქსიმუმ 114 შემთხვევა დაფიქსირდა, ფართო ფისკალური სტიმულის ფარგლებში ოჯახებს და ბიზნესებს სუბსიდიების სახით მთლიანი მშპ-ს 10.6%-ის ექვივალენტი დაურიგდათ.

ამის გარდა, ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ავსტრალიამ შიდა ბაზარზე აიღო ორიენტაცია, რაც საჭიროებამ უფრო მოიტანა, ვიდრე საკუთარმა არჩევანმა. ღვინის მწარმოებლებმა და ექსპორტზე ორიენტირებულმა სხვა ბიზნესებმა დროულად მოახდინეს ფოკუსირება ადგილობრივ მომხმარებლებზე, რასაც დაემატა ადგილობრივი ტურიზმის ბუმი.

ალისტერ პურბრიკი გაოცებით აღნიშნავს, რომ მისი 161 წლის ღვინის ქარხანა Tahbilk, ფაქტობრივად უვნებელი გადაურჩა ბოლო წლის გამოწვევებს: “შარშან თებერვალში რომ გეთქვათ ჩემთვის, რომ ერთდოულად მოხდებოდა პანდემია და ჩინეთის ბაზრის გამოწვევები, სავარაუდოდ გულის შეტევა დამემართებოდა“, თქვა მან. პანდემიის დაწყებამდე Tahbilk ექსპორტის მეოთხედს ჩინეთში აგზავნიდა. შარშან ნოემბერში ჩინეთმა 212%-ით გაზრდილი ტარიფი დააწესა ავსტრალიურ ღვინოებზე, რაც იმით ახსნა, რომ ავსტრალიელები ჩინური ღვინის დემპინგს ახდენდნენ. სინამდვილეში, ეს აგრესიული ეკონომიკური ზომა იმით არის გამოწვეული, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

Tahbilk-თვის საბედნიეროდ, ავსტრალიელებმა გაზარდეს საკუთარი ღვინის მოხმარება. ავსტრალიური ღვინის შიდა ონლაინ გაყიდვებმა 60%-ით იმატა უკანასკნელი 9 თვის მანძილზე, ხოლო ევროპაში ექსპორტმა 22%-ით.

ავტრალიის ეკონომიკის გამაოცებელმა სიცოცხლისუნარიანობამ განაახლა დებატები საიმიგრაციო პოლიტიკაზე. 25-მილიონიან ქვეყანას წლების მანძილზე ექსპანსიური საიმიგრაციო პოლიტიკა ჰქონდა, რის გამოც გაიზარდა უძრავი ქონების ფასი, გზებზე საცობები წარმოიშვა და სამუშაო ადგილების პოვნა უფრო კონკურენტული გახდა. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, სამიგრაციო პოლიტიკა უფრო დაბალ ნიშნულზე უნდა იყოს ორიენტირებული, ვიდრე პანდემიამდე ხდებოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიქლ ჰითი.