LIVE

ღარიბაშვილი: ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც

27 მაი 202312:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 294
ღარიბაშვილი: ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მდიდრდება.

ამასთან, ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რის არგუმენტადაც მყარ ლარს და ბოლო ორ წელში ორნიშნა ზრდას ასახელებს.

„ახლა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მე ამაზე ვისაუბრებ მხოლოდ ციფრებით და ფაქტებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო ორი წელია იზრდება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შედეგად, წლის ბოლოს უკვე 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკა. რაც არის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის 8 000 დოლარი. სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, 2020 წელს. ანუ, 2-3 წელიწადში გამოდის თითქმის 30 მილიარდ ლარიანი ზრდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც, არის სტაბილური და ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე არის ჩვენი ქვეყნის რეზერვები. ყოველ თვე ეროვნული ბანკი ყიდულობს ალბათ 200-300 მილიონ დოლარს დაახლოებით. 5 მილიარდს გადააჭარბა ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა რეზერვებმა. ანუ, ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს. ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, 220 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ბოლო ორ წელიწადში. უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე მეგობრებო“, - განაცხადა პრემიერმა.