LIVE

საამიროებმა ბრიტანეთი ჩაანაცვლა და ყველაზე მეტ რუსულ ოქროს ყიდულობს

27 მაი 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 289
საამიროებმა ბრიტანეთი ჩაანაცვლა და ყველაზე მეტ რუსულ ოქროს ყიდულობს

რუსეთზე დაკისრებული დასავლური სანქციების შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსული ოქროს უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ომამდე ყველაზე მეტი რაოდენობით რუსულ ოქროს დიდი ბრიტანეთი ყიდულობდა. ამჟამად რუსული ოქროს ყველაზე მსხვილი მყიდველები საამიროების შემდეგ ჩინეთი და თურქეთი არიან.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 75.7 ტონა რუსული ოქრო შევიდა, რაც ჯამში $4.3 მილიარდის ღირებულებისაა. შედარებისთვის, 2021 წელს საამიროებში მხოლოდ 1.3 ტონა რუსული ოქრო იყო იმპორტირებული. 

აღსანიშნავია, უკრაინაში ომის დაწყებამდე სწორედ დიდი ბრიტანეთი იყო რუსული ოქროს უმსხვილესი იმპორტიორი. 2021 წელს ბრიტანეთმა ჯამში $15.2 მილიარდის ღირებულების ოქრო მიიღო რუსეთიდან; საბოლოოდ კი ქვეყანამ რუსული ოქროს იმპორტი 2022 წლის მარტის შემდეგ შეწყვიტა.

რაც შეეხება ჩინეთსა და თურქეთს, თითოეულმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 მარტამდე 20 ტონა ოქრო შეიძინა რუსეთისგან. 

ამრიგად, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო და საერთაშორისო ბაზარზე უამრავმა კომპანიამ რუსეთთან ვაჭრობა შეაჩერა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და თურქეთი რუსული ოქროს გასაღების მთავარ ბაზრებად იქცნენ. რუსული ოქროს ექსპორტის 99.8% სწორედ აღნიშნულ სამ ქვეყანაზე მოდის. 

საკონსულტაციო ფირმა Metals Focus-ის შეფასებით, რუსეთმა 2022 წელს ჯამში 325 ტონა ოქრო აწარმოა; როგორც Reuters-ი წერს, შიდა მოხმარების გარდა დარჩენილი 116.3 ტონა ოქრო რუსეთმა ექსპორტზე გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ G7-ის გასულ სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მოუწოდა ქვეყნებს, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთს, რომ მათ შესაძლოა დაკარგონ წვდომა G7-ის ბაზრებთან თუკი სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან ვაჭრობას გააგრძელებენ.