LIVE

G7-ის სამიტი დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მსოფლიო ლიდერები?

21 მაი 202319:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 737
G7-ის სამიტი დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მსოფლიო ლიდერები?

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში 19-21 მაისს “დიდი შვიდეულის” (G7) რიგით 49-ე სამიტი გაიმართა. 

G7-ს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია. გარდა აღნიშნული სახელმწიფოებისა, წლევანდელ სამიტზე მოწვეულები იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, ამასთან უკრაინის, ავსტრალიის, ბრაზილიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის ლიდერებიც. 

ომი უკრაინაში, სანქციები რუსეთზე, "გლობალური სამხრეთის" სტრატეგია, ჩინეთი, ხელოვნური ინტელექტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა G7-მა ჰიროსიმაში გამართულ სამდღიან სამიტზე:

უკრაინა

უკრაინაში მიმდინარე ომი სამიტზე განხილვების ერთ-ერთი ცენტრალური თემა აღმოჩნდა. G7-ის წევრმა ქვეყნებმა მკაფიო მესიჯი გააჟღერეს, რომ ისინი გააგრძელებენ ომში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ. აღსანიშნავია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, რუსეთს ბახმუტი ჯერ ბოლომდე არ აუღია და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი კვლავ უკრაინელთა ხელშია.

სამიტზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს, რომ ისინი ერთად მისდევენ უკრაინული “მშვიდობის ფორმულას”, რომელიც ომთან მიმართებით მათ რაციონალურ დამოკიდებულებას გულისხმობს: “ჩვენ კიდევ ერთი პრინციპი გვაერთიანებს და ეს პრინციპი რაციონალურობაა,” - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინელი ლიდერის თქმით, მთელმა მსოფლიომ -  იაპონიიდან არაბულ ქვეყნებამდე, თუ ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე - მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინული "მშვიდობის ფორმულას".     

სამიტის დასკვნით დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ომში უკრაინის სამხედრო ძალებისთვის დამატებით $375 მილიონიანი დახმარების პაკეტი გამოყო. გარდა შეერთებული შტატებისა, უკრაინელი მებრძოლებისა და პილოტებისთვის სამხედრო წვრთნების ჩატარების პირობით გამოვიდა კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდოც. 

გერმანიის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროგრამები ჩაუტარდებათ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინელ პილოტებს. ამით კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთს გზავნილი გაუგზავნა, რომ უკრაინაში წარმატების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. 

აღსანიშნავია, რომ ჰიროსიმას სამიტმა მნიშვნელოვანი შანსი მისცა პრეზიდენტ ზელენსკის, შეხვედროდა ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერებს და გასაუბრებოდა მათ ომის შესახებ.  

რუსეთი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სერია წარმოადგინა დიდმა ბრიტანეთმა. ბრიტანეთის გეგმა ითვალისწინებს რუსული ბრილიანტის, სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტის აკრძალვა. როგორც პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, აღნიშნული პროდუქტების მიღებას რუსეთისაგან ბრიტანეთი წლის ბოლოსთვის სრულად აკრძალავს. ამასთან, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსულ კომპანიებს, რომელთაც ბრალი უკრაინული მარცვლეულის მითვისებასა და გადაყიდვაში ედებათ.

გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა ვაშინგტონმაც. აშშ ასანქცირებს რუსულ კომპანია Polyus-სა და საერთაშორისო ფირმა Polymetal-ის რუსეთში დაფუძნებულ ფირმას, რომლებიც ქვეყანაში ოქროს უმსხვილესი მომპოვებლები არიან. აღნიშნული სანქციები კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს რუსული ოქროს გაყიდვებს.

ჩინეთი

ჩინეთთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ G7 თანხმდება საერთო პოლიტიკაზე, უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირება, რათა ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი ჩინეთზე. აღნიშნული მიდგომა არ ითვალისწინებს ჩინეთთან ვაჭრობის სრულად აკრძალვას, თუმცა იგი გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობებში დამოკიდებულების შემცირებას ჩინეთზე, რომელიც, როგორც ბრიტანეთის პრემიერმა შეაფასა, ამჟამინდელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უდიდესი გამოწვევაა. 

"გლობალური სამხრეთი"

სამიტზე იაპონიისა და გერმანიის ლიდერებმა “გლობალურ სამხრეთთან" ურთიერთობების ფორმის გადააზრების საჭიროება დააყენეს. “გლობალური სამხრეთის” ქვეყნებში იგულისხმებიან დაბალი და საშუალო განვითარების ეკონომიკის მქონე ქვეყნები.

მათი თქმით, საჭიროა მსოფლიოს უძლიერესმა ინსტიტუტებმა, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭომ, ახლებურად იმუშაონ განვითარებად ქვეყნებთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განაცხადი მხოლოდ ალტრუისტულ სურვილს არ წარმოადგენს. მსოფლიოს მდიდარი დემოკრატიული ქვეყნები შიშის თვალით უყურებენ ჩინეთის მზარდ როლს განვითარებად სამყაროში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ჩინეთის მიერ რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის დაკრედიტებამ ეს სახელმწიფოები დიდ "ვალებში ჩააგდო."

იაპონია და გერმანია უკვე წლებია გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივმოქმედი წევრი ქვეყნების რეფორმის საკითხს აყენებენ. როგორც ჩანს, "დიდი შვიდეულის" შეხვედრებზე მათ აღნიშნული თემა კიდევ ერთხელ წამოწიეს წინ. 

ხელოვნური ინტელექტი

G7-მა სამიტზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მზარდი განვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეებიც განიხილა. სახელმწიფოები საბოლოოდ აღნიშნული სფეროს რეგულირების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. სამომავლოდ ისინი გამართავენ რამდენიმე შეხვედრას და წლის ბოლოსთვის შედეგებსაც წარმოადგენენ.