LIVE

ჩინეთი ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული Micron-ის ჩიპების გამოყენებას კრძალავს

28 მაი 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 610
ჩინეთი ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული Micron-ის ჩიპების გამოყენებას კრძალავს

ჩინეთმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის, ამერიკული Micron Technology-ს  პროდუქციის გამოყენება აკრძალა. ქვეყნის კიბერსივრცის მარეგულირებელი მიზეზად „ქსელის დაცვის სერიოზულ რისკებს“ ასახელებს.

ეს გადაწყვეტილება ჩინეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯად აღიქმება 6 თვის წინ, ამერიკის მთავრობის მიერ ჩინური Huawei-სა და ZTE-ის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების აკრძალვის გადაწყვეტილების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთის მიერ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარე ე.წ. ტექნოლოგიურ ბრძოლას.

„კვლევამ დაადგინა, რომ Micron-ის პროდუქციას ქსელის უსაფრთხოების დაცვის სერიოზული რისკები აქვს და საშიშროებას უქმნის კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურას, რაც, თავის მხრივ, ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს რისკის ქვეშ",- აცხადებენ ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციაში (CAC).

თავის მხრივ, კომპანია Micron-ში ამბობენ, რომ მათ CAC-დან აკრძალვის შეტყობინებასთან ერთად მოკვლევის დასკვნა მიიღეს, რომელსაც განიხილავენ და ამის მიხედვით განსაზღვრავენ შემდეგ ნაბიჯებს. ისინი იმედოვნებენ, რომ საკითხის განხილვას ჩინეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეძლებენ.

ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის მთავრობა, სადაც აცხადებენ, რომ ისინი იმუშავებენ მოკავშირეებთან „ჩინეთის ქმედებით გამოწვეული ჩიპების ბაზრის დეფორმაციის პრობლემის“ გადასაჭრელად.

„ჩვენ მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით შეზღუდვას, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ეს ქმედება არ შეესაბამება ჩინეთის განცხადებას ბაზრის გახსნისა და ვაჭრობის გამჭვირვალობის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის შესახებ,“ - ამბობს ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ჩინეთის მხრიდან განცხადების გაკეთების შემდეგ რამდენიმე საათში Micron-ის აქციების ფასი 5.3%-ით დაეცა. აღსანიშნავია,რომ Micron-სთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი ბაზარია, რომელზეც კომპანიის წლიური გაყიდვების 10% მოდის. 2022 წლის კომპანიის წლიურმა ბრუნვამ $30.7 მილიარდი შეადგინა, აქედან კი ჩინეთის ბაზრის წილი $3.3 მილიარდი იყო.

მიუხედავად ამისა, საინვესტიციო საბანკო ჯგუფის Jefferies-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აკრძალვის გავლენა კომპანიაზე შეზღუდული იქნება. ყველაზე რეალისტური შეფასებით, გაყიდვებში 2%-იანი შემცირებას ვარაუდობენ იმის გათვალისწინებით, რომ Micron-ის პროდუქცია წარმოებასა და ღრუბლოვანი სერვერების სეგმენტში შედარებით მცირეა. ადგილობრივ ბაზარზე Micron-ის ჩიპებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა სმარტფონებისა და კომპიუტერების მწარმოებლებისგან მოდის, რომელთა შორის Apple-იცაა.

„რამდენადაც Micron-ის ნახევრად გამტარები ნაკლებად არიან სერვერში ჩართულები და შესაბამისად, კომპანიის გაყიდვები არ არის დამოკიდებული ჩინეთის მთავრობასა და ტელეკომუნიკაციებზე, ქვეყანაში ძირითად ბრუნვაზე გავლენას არ იქონიებს,“ - აცხადებენ Jefferies-ის ანალიტიკოსები.

ჩინეთი, რომელიც ნახევრად გამტარების უმსხვილესი მომხმარებელია, ნელ-ნელა ამცირებს თავის დამოკიდებულებას უცხოური წარმოების ჩიპებზე და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერით საკუთარი ბაზრის განვითარებას ცდილობს. CAC-ის ამ გადაწყვეტილებამ მინიმალურად, თუმცა უკვე იქონია გავლენა ადგილობრივი კომპანიების აქციების ფასებზე. ასევე დანაკლისის შესავსებად იზრდება Micron-ის უშუალო კონკურენტების Samsung-ისა და SK Hynix-ის პროდუქციის წილი.

CAC-ის განცხადებიდან ერთი დღით ადრე G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ საერთო პოლიტიკაზე, რაც გულისხმობს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას, მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირების გზით.