LIVE

მინისტრის თქმით, სანამ 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება

22 მაი 202315:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 218
მინისტრის თქმით, სანამ 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანამ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ დაიწყება.

მინისტრის განმარტებით, შესაბამისად, კითხვა აღდგება თუ არა ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, არარელევანტურია.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რაც შეეხება, ბუნებრივია, მანამ სანამ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც კი ვერ დადგება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილი საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვაო მიმოსვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სანქციები სრულად დაცულია.

„საზღვაო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელა, თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში.  

მინდა დავადასტურო, რომ ამ ნაწილში სანქციებთან მიმართებით შესაბამისობა არის და იქნება სრულად დაცული.

2 ეტაპიანი კონტროლის მექანიზმია. ერთი, რომელსაც ახორციელებს საზღვაო სააგენტო - ტვირთი, გემის მფლობელი და უშუალოდ გემი თუ სანქცირებულია, ისინი ვერ შემოდიან ქართულ პორტებში. 

უშუალოდ ტვირთებთან მიმართებაში კონტროლს ახორციელებს საბაჟო სამსახური, ისე როგორც სახმელეთო და საჰაერო გზით არსებულ ტვირთებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, Armenpress-ის ინფორმაციით, აპრილიდან ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის საზღვაო გზაზე ტვირთების გადაზიდვა ხდება, რომელსაც კომპანია CE&M International ახორციელებს. სომხური მედიის თანახმად, აღნიშნული კომპანია სომხეთის ხელისუფლებამ აირჩია და ტვირთების გადაზიდვასაც ასუბსიდირებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის აპრილში ორი რეისი შესრულდა, თუმცა უარყოფს რეგულარული გადაზიდვების დაწყებას.