LIVE

თურქეთი პაკისტანთან და ჩინეთთან ერთად სამხედრო ინდუსტრიას აძლიერებს

03 მარ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
თურქეთი პაკისტანთან და ჩინეთთან ერთად სამხედრო ინდუსტრიას აძლიერებს
Jason Alden/Bloomberg

თურქეთი პაკისტანთან ერთად თვითმფრინავებისა და რაკეტების წარმოება სურს, რაც მას ჩინეთის სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომას მისცემს.

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და მთავრობის წარმომადგენლებმა პაკისტანთან სამხედრო ტექნიკის შემუშავებასა და წარმოებაზე რამდენიმე მოლაპარაკება გამართეს პაკისტანელ კოლეგებთან. ბოლო მაღალი დონის დისკუსია იანვარში შედგა. უცნობია, რამდენად ახლოს არიან მხარეები შეთანხმების მიღწევასთან.

გარიგება NATO-ს წევრ თურქეთს ჩინეთის ზოგიერთ სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომას მისცემს. პაკისტანი ჩინეთთან ერთად აწარმოებს JF-17 გამანადგურებლებს და გავრცელებული ინფორმაციით, მან შექმნა ადაპტირებული ჩინური დიზაინები Shahin-ის ბალისტიკური რაკეტისთვის.

თურქეთი, მის შორ მანძილზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტში, ბირთვული ენერგიის მქონე პაკისტანს სტრატეგიულ მოკავშირედ და პოტენციურ პარტნიორად განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, პეკინი თავდაცვის ტექნოლოგიის გაზიარებაზე თანახმაა.

იარაღის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ კითხვის საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა „ყოველთვის გონივრულად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სამხედრო პროდუქციის ექსპორტს, და ჩინეთი მკაცრად იცავს სამხედრო ექსპორტის კანონებსა და რეგულაციებს, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებსა და ვალდებულებებს“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმება პაკისტანთან თავდაცვის პროექტებში თანამშრომლობის „ძალიან სერიოზულ პოტენციალს“.

თურქეთის მიერ ჩინეთის სამხედრო ტექნოლოგიის მიღებამ შეიძლება აშშ-სთან ახალი დაპირისპირება გამოიწვიოს, რაც მძიმე იქნება NATO-სთან უკვე არსებული დაძაბულობის ფონზე. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი უკვე უწესებს სანქციებს თურქეთს რუსეთისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაძენის გამო.

თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, რომლებიც პაკისტანთან კონტაქტებზე საუბრობდნენ, განაცხადეს, რომ მათი საქმიანობა შეესაბამება ანკარას ამბიციას, გახდეს ძალაუფლების ცენტრი მულტიპოლარულ სამყაროში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰელკან საქაოღლუ