LIVE

ნავთობის ფასი მეოთხე კვირაა იკლებს

15 მაი 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 303
ნავთობის ფასი მეოთხე კვირაა იკლებს

ორშაბათს ნავთობის ფასი დაეცა. ფასის კლება ნავთობის მოწინავე მომხმარებელ ქვეყნებში, აშშ-სა და ჩინეთში, საწვავის მოთხოვნაზე შეშფოთების შესუსტებამ გამოიწვია. 

Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 26 ცენტით, ანუ 0.35%-ით, შემცირდა და დილის 06:38 საათზე ერთ ბარელზე $73.91 შეადგინა. გარდა ამისა, აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი 20 ცენტით (0.29%) შემცირდა და ბარელის ღირებულება $69.34 გახდა. ორივე ტიპის ნავთობზე ფასი უკვე ზედიზედ მეოთხე კვირაა მცირდება, რაც 2022 წლის სექტემბრის შემდეგ ფასის კლების ყველაზე გრძელი სერიაა. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფასის კლების ტენდენცია დროებითია. ჩინეთის ეკონომიკის ხელახლა გახსნის ფონზე ისინი შეისწავლიან ქვეყნის ეკონომიკურ მონაცემებს, კერძოდ სამრეწველო წარმოებას, ინვესტიციებსა და საცალო გაყიდვებს, და ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვირაში ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება.

გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ ნედლი ნავთობის გლობალური მარაგი 2023 წლის მეორე ნახევარში შემცირდება: ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) წევრმა ქვეყნებმა და რუსეთმა აპრილში გამოაცხადეს, რომ ისინი ყოველდღიურად ნავთობის მოპოვებას 1.16 მილიონ ბარელამდე შეამცირებენ, რამაც გავლენა უნდა იქონიოს ფასებზეც, ზრდის მიმართულებით.