LIVE

თურქული აქციების ფასი 6.4%-ით დაეცა

15 მაი 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 330
თურქული აქციების ფასი 6.4%-ით დაეცა

თურქული აქციები დღეს ვაჭრობის შეჩერებამდე 6.4%-ით დაეცა. ინვესტორები ისტორიული არჩევნების შედეგების მოლოდინში არიან. 

ადგილობრივი მედიის თანახმად, თურქეთის საორიენტაციო საფონდო ინდექსი დღეს 4489.58 პუნქტით გაიხსნა, რაც 6.38%-ით ანუ 306.03 პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. 

Borsa Istanbul-ის BIST 100 ინდექსი პარასკევს 4795.61 პუნქტით დაიხურა. 

Borsa Istanbul 100 Index XU100 არის ძირითადი საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელიც აკონტროლებს სტამბოლის საფონდო ბირჟაზე დალისტული 100 კომპანიის მუშაობას.

არჩევნების შედეგებმა გავლენა იქონია ადგილობრივი ვალუტის კურსზეც. დილის 10 საათისთვის ერთი დოლარის ღირებულება 19.65 ლირა, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 21.35 ლირა გახდა, ერთი ბრიტანული ფუნტი კი 24.50 თურქულ ლირად ივაჭრებოდა. 

თურქეთის სახელმწიფო ბანკებმა გუშინ საღამოს ლირას გასამყარებლად დოლარი გაყიდეს, თუმცა ინვესტორები ელიან, რომ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ლირა გაუფასურებას განაგრძობს. 

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.

ბიულეტენების 99.38%-ის დათვლის შემდეგ ერდოღანი ხმების 49.42%-ს იღებს. მის მთავარ კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს, ექვსპარტიული ოპოზიციური ეროვნული ალიანსის კანდიდატს, 44.95% აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.