LIVE

თურქეთში მიმდინარე არჩევნების ფონზე, ლირა გაუფასურდა

15 მაი 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 515
თურქეთში მიმდინარე არჩევნების ფონზე, ლირა გაუფასურდა

თურქეთში მიმდინარე არჩევნები ადგილობრივ ვალუტაზეც აისახა. დღეს დილით ადრე ვაჭრობაში ლირა 0.2%-ით დაეცა და ერთმა დოლარმა დაახლოებით 19.62 ლირა შეადგინა.

თურქეთის სახელმწიფო ბანკებმა გუშინ საღამოს ლირას გასამყარებლად ინტერვენციას მიმართეს და დოლარი გაყიდეს, თუმცა ინვესტორები ელიან, რომ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ლირა გაუფასურებას განაგრძობს. 

"ორკვირიანი გაურკვევლობა არის ის, რაც ბაზრებს ყველაზე მეტად არ მოსწონთ", - ამბობს თურქული ბაზრის სპეციალისტი კაგრი კუტმანი.

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.

ბიულეტენების 98.82%-ის დათვლის შემდეგ ერდოღანი ხმების 49.35%-ს იღებს. მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, ექვსპარტიული ოპოზიციური ეროვნული ალიანსის კანდიდატს, 45% აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.