LIVE

Tesla ჩინეთიდან 1.1 მილიონ მანქანას უკან გამოითხოვს

13 მაი 202311:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 602
Tesla ჩინეთიდან 1.1 მილიონ მანქანას უკან გამოითხოვს

პარასკევს Tesla-მ ჩინეთიდან 1.1 მილიონი მანქანის გამოთხოვის შესახებ გააკეთა განცხადება. მიზეზად სიჩქარის პედლის დეფექტი სახელდება, რაც უსაფრთხოების რისკებს ზრდის. განცხადებაში საუბარია ჩინეთის ბაზარზე გაყიდულ მანქანებზე, რომელთა უმრავლესობა 2019 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილამდე წარმოებულია შანხაიში ან იმპორტირებულია.

დეფექტი შეეხება Tesla-ს რეგენერაციულ სამუხრუჭე სისტემას და ასევე სიჩქარის პედლის გამაფრთხილებელ სიგნალს, რის გამოც იზრდება პედლების არევის შემთხვევები. პროგრამული უზრუნველყოფის გასწორებით მძღოლები შეძლებენ განსაზღვრონ თავიანთ მანქანებში რეგენერაციული მუხრუჭის ინტენსივობა და მიიღონ გამაფრთხილებელი სიგნალი ხანგრძლივ პერიოდში სიჩქარის მუხრუჭზე ინტენსიური დაჭერის დროს.

Bloomberg Intelligence-ის მონაცემებით, Tesla-მ ჩინეთში 2014 წლიდან მარტამდე დაახლოებით 1,13 მილიონი მანქანა გაყიდა. ჩინეთში მძღოლების განცხადებების საფუძველზე, რომელიც სწორედ სიჩქარეებისა და მუხრუჭის პედლების პრობლემას ეხებოდა, კომპანია რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ყველაზე გახმაურებული ამბავი 2021 წელს შანხაის ავტო შოუზე მოხდა, როდესაც Model 3-ს მფლობელი დემონსტრაციულად საგამოფენო მანქანაზე ავიდა და გააპროტესტა მანქანის მუხრუჭების გაუმართაობის ფაქტი, რის გამოც მამამისი კინაღამ გარდაიცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო მედიის კრიტიკის შემდეგ, Tesla-მ საჯარო ბოდიში მოიხადა, თუმცა ხარვეზებთან დაკავშირებით აღიარება არ გაუკეთებია. მოგვიანებით, კომპანიამ კონკრეტული მანქანის მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, რომ შეჯახებამდე მძღოლი 118,5 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

2022 წლის ნოემბერში ფატალური ინციდენტი Tesla-ს Model Y-ს უკავშირდება. ამჯერადაც კომპანიამ უარყო, რომ მანქანას რაიმე ხარვეზი ჰქონდა და გამოაქვეყნა მონაცემი, რომლის მიხედვითაც მუხრუჭის პედალი არ იყო გამოყენებული ავარიამდე.

მარეგულირებლები ათწლეულებია შეისწავლიან პედლების არევის შემთხვევებსა და მისგან გამოწვეულ რისკებს, თუმცა ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება 2009 წელს დაიწყეს. ელექტრომანქანების შემთხვევაში, გაუთვალისწინებლად სიჩქარის მომატება შეიძლება უფრო ხშირი და მწვავე გახდეს. სიჩქარის მომატების დროს, ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებისგან განსხვავებით, ელექტრომანქანებს სხმა არ აქვთ, შესაბამისად მძღოლი უფრო გვიან იაზრებს, რომ არასწორ პედალს დააჭირა. ასევე, ელექტრომობილის შემთხვევაში პედალზე დაჭერის რეაქცია ბევრად მყისიერია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანებზე.

ცნობისთვის, ჩინეთი Tesla-ს მნიშვნელოვანი წარმოების პუნქტი და გაყიდვების ბაზარია. გასულ წელს კომპანიის ბრუნვამ ჩინეთში $18 მილიარდს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 6-ჯერ მეტია.