LIVE

ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობაში დოლარი იუანმა ჩაანაცვლა

13 მაი 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 499
ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობაში დოლარი იუანმა ჩაანაცვლა

მარტში ჩინეთში იუანი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ვალუტა გახდა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო გადახდებში. ოფიციალური ინფორმაციით, იუანმა ამ მაჩვენებლით პირველად გადაუსწრო დოლარს, თუმცა SWIFT-ის მონაცემები აჩვენებს, რომ მისი წილი გლობალურ გადახდებში ისევ მცირეა და 2,5%-ს შეადგენს, მაშინ როცა დოლარის წილი 39,4%-ს, ევროს წილი კი 35,8%-ს უტოლდება.

ჩინეთი დაახლოებით $88 მილიარდის ღირებულების საქონლის ვაჭრობისთვის გადახდებს იუანში ახორციელებს. უკრაინაში ომის ფონზე კი, იყენებს შესაძლებლობას დააჩქაროს პროცესი და თავისი ეროვნული ვალუტა უფრო მეტად საერთაშორისო გახადოს.

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთი გადახდებს იუანში ახორციელებს, რუსეთია. მეზობელი ქვეყნისგან ნავთობის, ქვანახშირისა და ზოგიერთი ლითონის თითქმის ყველა შესყიდვა ახლა დოლარის ნაცვლად, იუანში ხორციელდება. თავის მხრივ, უკრაინის ომისა და დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთიდან ჩინეთში ექსპორტირებული ნედლეულის მოცულობა გაიზარდა. ენერგორესურსებზე მკვეთრი ფასდაკლებებით, რუსეთის საექსპორტო ბაზარმა აზიაში გადაინაცვლა და მისი უმსხვილესი მყიდველები ჩინეთი და ინდოეთი გახდნენ. ასე მაგალითად, ჩინეთში რუსეთიდან შეტანილი ნედლეულის მოცულობა 2022 წელთან შედარებით 52%-ითაა გაზრდილი. გასულ წელს კი ჩინეთმა ჯამში $60.3 მილიარდის ღირებულების ნავთობი და საწვავი იყიდა რუსეთისგან.

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, 2022 წელს იუანის წილი ქვეყნის იმპორტის ანგარიშსწორებაში 4%-დან 23%-მდე გაიზარდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და პეკინს შორის ვაჭრობის ორი-მესამედი რუბლსა და იუანში მიმდინარეობს. გასულ თვეს ამ საკითხზე განცხადება ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსკოვი გააგრძელებს ენერგიის ექსპორტის სანაცვლოდ რუბლსა და იუანში გადახდების მიღებას, დოლართან და ევროსთან ჩამოშორების მიზნით.

თუმცა ჩინეთისთვის იუანში ტრანზაქციების გადატანა მარტივი არ ყოფილა. ჩინური სახელმწიფო ენერგო კომპანია, CNPC 2022 წელს თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა რუსული Gazprom-ისთვის დოლარში ანგარიშსწორებას. ამის მიზეზი იყო ქვეყნის მთავარი კრედიტორების, ჩინეთის ბანკისა და ICBC-ის დიდი ძალისხმევა, დაეტოვებინათ ბიზნესი მეორადი სანქციების შიშით. CNPC-მ გადახდა იუანში მას შემდეგ შეძლო, რაც ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ჩინეთის კომუნიკაციების ბანკმა აიღო.