LIVE

რუსეთში ბიზნესაქტივობა შემცირდა

02 მაი 202317:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
რუსეთში ბიზნესაქტივობა შემცირდა

S&P Global-ის მწარმოებელთა PMI ინდექსი, რომელიც კერძო კომპანიების გამოკითხვას ეყრდნობა, აპრილში რუსეთში 53.2-დან 52.6-მდე შემცირდა.

S&P Global-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაცია რუსეთში ერთი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფ ტემპს აღწევს.

რუსეთის ცენტრალურ ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკის აღდგენას და 2%-იან ზრდას ელის და აცხადებს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ომამდე ნიშნულს, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოსთვის მიაღწევს. 

"ეკონომიკური აქტივობა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე რუსეთის ბანკმა თებერვალში ივარაუდა. ეს ასახავს როგორც შიდა მოთხოვნის გაფართოებას, ასევე რუსეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესებს", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

რუსეთის ცენტრალური ბანკისგან განსხვავებულ მაჩვენებლებს ელიან საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 0.7%-ით, ხოლო მომავალ წელს 1.3%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი 2023 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-იან შემცირებას ელის, 2024 წელს კი 1.2%-იან ზრდას ვარაუდობს.