LIVE

საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რუსეთის ბანკი ეკონომიკის 2%-იან ზრდას ელის

02 მაი 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 416
საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რუსეთის ბანკი ეკონომიკის 2%-იან ზრდას ელის

რუსეთის ცენტრალურ ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკის აღდგენას და 2%-იან ზრდას ელის, რადგან მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გავლენა ქრება.

ბანკის განცხადებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ომამდე ნიშნულს, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოსთვის მიაღწევს. 

"ეკონომიკური აქტივობა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე რუსეთის ბანკმა თებერვალში ივარაუდა. ეს ასახავს როგორც შიდა მოთხოვნის გაფართოებას, ასევე რუსეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესებს", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

რუსეთის ცენტრალური ბანკისგან განსხვავებულ მაჩვენებლებს ელიან საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 0.7%-ით, ხოლო მომავალ წელს 1.3%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი 2023 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-იან შემცირებას ელის, 2024 წელს კი 1.2%-იან ზრდას ვარაუდობს.  

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზარი 1000-ზე მეტმა დასავლურმა კომპანიამ სრულად ან ნაწილობრივ დატოვა. ამასთან, რუსეთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა და სანქციების ეფექტი ქვეყნის უმსხვილეს სექტორებზე აისახა. 

ნავთობისა და გაზის საგადასახადო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იანვარში 46%-ით შემცირდა. ამასთან, 59%-ით გაიზარდა დანახარჯები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ამ ფაქტორების ერთობლიობამ ბიუჯეტის 1.76 ტრილიონი რუბლის ($25 მილიარდი) დეფიციტი გამოიწვია.