LIVE

ევროკავშირი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ექსპორტი მეტად „მწვანე“ გახადონ

02 მაი 202312:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 436
ევროკავშირი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ექსპორტი მეტად „მწვანე“ გახადონ

24 აპრილს, თბილისში, ცნობიერების ამაღლების სერიები, რომლებიც პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) მეთოდოლოგიის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარდგენასთან იყო დაკავშირებული ორშაბათს გამართულ დასკვნითი ღონისძიების სახით დასრულდა. ღონისძიებას ონლაინ ფორმატში ევროკავშირის EU4Environment პროგრამა მასპინძლობდა, რომლის მიზანიცაა მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესებს მწვანე და წრიული ეკონომიკის გზაზე. 

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე დაინტერესებულმა პროფესიონალმა, რომელთა საქმიანობის სფერო დაკავშირებულია მწვანე და წრიულ ეკონომიკასთან, რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისა (RECP) და გარემოს დაცვის საკითხებთან.

შეხვედრამ ხელი შეუწყო  ევროკავშირის მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP), პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) და ორგანიზაციის გარემოსდაცვითი კვალის (OEF) თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. ამასთანავე, ღონისძიებაზე წარდგენილი იყო  პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის მეთოდოლოგიის გამოყენების გზები და მისი კავშირი წრიულ ეკონომიკასა და ევროკავშირის მწვანე შეთანხმებასთან.

სემინარზე, ხაზი გაესვა SMGP ინიციატივისა და PEF მეთოდოლოგიის დანერგვის უპირატესობებსა თუ შესაძლებლობებს და დასრულდა დისკუსიით, რომელიც  PEF შეფასების მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვის პილოტირებას შეეხებოდა. შეხვედრის ფარგლებშივე მოხდა ადგილობრივი კომპანიებისა და ექსპერტების მოწვევა პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის ტრენინგზე, რომლის გამართვაც მაისის თვის დასაწყისში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა SMGP და PEF, ევროკავშირი ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას, რომელიც სასიცოცხლო ციკლის პერსპექტივების გათვალისწინებით გულისხმობს ეკონომიკური ზრდის განცალკევებას რესურსების გამოყენებისა და გარემოზე ზემოქმედებისგან. ხსენებული, წარმოებისა და მოხმარების ჯაჭვის მიმართულებით, დღესდღეობით კიდევ უფრო მეტად აქტუალური საკითხია, რადგანაც მომხმარებლებისთვის რთულია ეტიკეტებით  შეაფასონ და გაერკვნენ კომპანიებისა თუ პროდუქტების სხვადასხვა გარემოსდაცვით საქმიანობებში. მცდარი და ბუნდოვანი კომუნიკაცია (greenwashing-ი) ამცირებს მომხმარებელთა ნდობის ხარისხს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებლების მიმართ. მსგავსი გავლენის შესამცირებლად კი ევროკავშირი, მომხმარებლებისა და გარემოს დაცვის მიზნით, წარადგენს ახალ კანონს მწვანე პროდუქტებზე განაცხადებთან (green claims) დაკავშირებით. დირექტივა მიზნად ისახავს მწვანე პროდუქტებზე განაცხადები გახადოს სანდო, შედარებითი და გადამოწმებადი, ასევე, შექმნას თანაბარი პირობები პროდუქტის გარემოსდაცვითი პერფორმანსის თვალსაზრისით (მიუხედავად იმისა, პროდუქტი წარმოებულია ევროკავშირის მასშტაბით თუ არა). ზემოთ აღნიშნული, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ბიზნესის კონკურენტუნარიანობას, გარემოსდაცვით მდგრადობას, ექსპორტის ზრდასა და დივერსიფიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

ევროკავშირის მასშტაბით, მწვანე ეკონომიკაში პირადი კონტრიბუციის შეტანით ბევრია დაინტერესებული, რაც სამომხმარებლო გადაწყვეტილების მიღებით გამოიხატება. ევროპელების 94% აცხადებს, რომ გარემოს დაცვა მათთვის არსებითია. აღნიშნულის საპასუხოდ, ევროკომისიამ მნიშვნელოვანი საქმე გასწია, რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებლები სანდო ინფორმაციას იღებენ იმ პროდუქციის  გარემოსდაცვით სერტიფიკატებთან დაკავშირებით, რომელსაც ყიდულობენ, დაგეგმილი შეხვედრაც სწორედ მოცემულ მიდგომებს განმარტავს. იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელს საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ქვეყნის ევროპულ გზაზე სვლისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მწვანე შეთანხმებასთან შესაბამისობა - ამბობს ლიზ ვანვიმელბეკი - საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელი,  მწვანე შეთანხმების, დაკავშირების, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიმართულებით.

ყველაფერთან ერთად, პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის მეთოდოლოგია მწარმოებლებს დაეხმარება გაზომონ პროდუქტისა თუ მომსახურების გარემოსდაცვითი გავლენა. ამ გზით მწარმოებლებს (საერთაშორისოსა თუ ადგილობრივს) საშუალება ექნებათ ეფექტურად გააუმჯობესონ ღირებულებათა ჯაჭვი და შეამცირონ რესურსების მოხმარების დონე, დაბინძურების მაჩვენებელი და ნარჩენების რაოდენობა, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს მდგრადი პროდუქტების ბაზარზე მათი ნაწარმის პოზიციონირებას.

იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვის საკითხებთან, მნიშვნელოვანია,  მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობისა და მონაწილეობის, როგორც შენარჩუნება, ასევე, ზრდა, რადგანაც აღნიშნული საწარმოები მეტად მოქნილები არიან ცვლილების მიღების კუთხით, რათა პროდუქცია გახადონ მეტად ენერგო და რესურსეფექტური, სოციალურად ეფექტური და რა თქმა უნდა მწვანე - ამბობს დავით ადვაძე, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი.

გარდა მონაცემთა ერთობლიობის, გავლენის ინდიკატორების და გაანგარიშების წესებისა, პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალი, ასევე, ადგენს ზოგად წესებს პროდუქტის ჯგუფებისთვის, რათა კომპანიებმა შეძლონ თავიანთი პროგრესის  შეფასება კონკრეტული კატეგორიის მიხედვით. თავის მხრივ, საწარმოებს შეუძლიათ უკეთ გაანალიზონ გარემოსდაცვითი საქმიანობა და შეადარონ კონკურენტების (ქართულს და ევროპულს) მაჩვენებლებს. შედარების მეთოდი, აგრეთვე, ძლიერი სტიმულია რეპუტაციის ჩამოსაყალიბებლად, და ეკოლოგიურად სუფთა საქონლისა თუ სერვისის შესაქმნელად, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის  წარდგენა მხოლოდ საწარმოებით არ შემოიფარგლება. რელევანტურ ინსტიტუტებს, ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შესაძლებლობა ეძლევათ მეტი გაიგონ პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის მეთოდოლოგიის თაობაზე და ასევე, მისი პოპულარიზაცია მოახდინონ.

ეკო-მეგობრული მიდგომის პრინციპები დაკავშირებულია კერძო სექტორსა და მის მხარდაჭერასთან, ამასთანავე, EU4Environment პროგრამის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია ყურადღება გავამახვილოთ სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე. შესაბამისი ცვლილებები შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში, რომელიც ახლახანს იქნა მიღებული. აღნიშნული მხარს დაუჭერს მდგრად სახელმწიფო შესყიდვას და ხელს შეუწყობს მწვანე ბიზნესებისა და წრიული ეკონომიკის განვითარებას - აცხადებს თამარ ალადაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრის დირექტორი.

პროგრამის „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) შესახებ

ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის (EU4Environment - მწვანე ეკონომიკა) პროგრამა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - შეინარჩუნონ საკუთარი ბუნებრივი კაპიტალი და გააუმჯობესონ მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობა. ამასთანავე, პროგრამა მხარს უჭერს გარემოსდაცვით აქტივობებს, ეკონომიკური ზრდის მწვანე ალტერნატივების და შესაძლებლობების წარმოჩენას,  არსებული გარემოსდაცვითი რისკების და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების დანერგვას. აქტივობა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის მიმდინარეობის პერიოდი მოიცავს 2019-2024 წელს, ბიუჯეტი შეადგენს 20 მილიონ ევროს და ხორციელდება 5 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ: ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ ბმულს: www.eu4environment.org.

(R)