LIVE

ჩამოშლილ First Republic Bank-ს JPMorgan-ი ყიდულობს

01 მაი 202313:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 448

JPMorgan-ი ჩამოშლილ First Republic Bank-ს ყიდულობს. კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ JPMorgan-ი გადაიბარებს ყველა დეპოზიტს, მათ შორის, დაუზღვევ დეპოზიტებს და ყველა აქტივს. 

გარიგება მარეგულირებელი ორგანოების ჩართულობით დგება. დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ (FDIC) დღეს First Republic Bank-ის ჩამოშლა ოფიციალურად დაადასტურა. 

First Republic Bank აქტივები დაახლოებით $173 მილიარდის მოცულობის სესხს და $30 მილიარდის ღირებულების ფასიან ქაღალდებს, ასევე $92 მილიარდის ოდენობის დეპოზიტებს მოიცავს.

JPMorgan და ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია, შეთანხმდნენ, რომ გაიზიარონ როგორც ზარალის ტვირთი, ასევე სესხებისგან მიღებული ნებისმიერი მოგება. 

"მთავრობამ გასაძლიერებლად მოგვიწვია და ასეც მოვიქეცით. ჩვენმა ფინანსურმა სიძლიერემ, შესაძლებლობებმა და ბიზნეს მოდელმა საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა ისეთი წინადადება, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებდა დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ხარჯებს", - განაცხადა JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა.

First Republic Bank-ის აქციები ნიუ-იორკში დილის 4:06 საათისთვის წინასაბაზრო ვაჭრობაში 33%-ზე მეტად დაეცა. JPMorgan-ის აქციები კი 3.8%-ით გაიზარდა.

ტრანზაქციის შედეგად, ქვეყნის უმსხვილეს ბანკი JPMorgan კიდევ უფრო გაფართოვდება. 

ამერიკული ბანკი First Republic Bank კრიზისში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გასულ თვეში საბანკო სექტორში არეულობის ფონზე, მომხმარებლებმა ბანკისგან $100 მილიარდის მოცულობის დეპოზიტები გაიტანეს. გასული კვირის დასაწყისში ბანკმა განაცხადა, რომ მთლიანი დეპოზიტების მოცულობა პირველ კვარტალში 41%-ით, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, რასაც აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა. აშშ-ის მარეგულირებლებმა ბანკი დახურეს.  

First Republic Bank-ის 84 ფილიალი რვა შტატში დღეს JPMorgan Chase Bank-ის ფილიალების სახით გაიხსნება.