LIVE

როგორ ებრძვიან მთავრობები ინფლაციას?

07 მაი 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 334
როგორ ებრძვიან მთავრობები ინფლაციას?

Covid 19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად მსოფლიოში ენერგორესურსებზე, სხვადასხვა საქონელსა და სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასებმა მოიმატა. გლობალურად, სახელმწიფოები სხვადასხვა გზებით ებრძვიან ინფლაციას: 

აშშ დააჯარიმებს ფარმაცევტულ კომპანიებს, თუკი მათ მიერ წარმოებულ 27 კონკრეტულ წამალზე ფასი ინფლაციაზე მეტად მოიმატებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, აშშ-ში ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა Medicare-ის მომხმარებლები დაახლოებით 390 დოლარს დაზოგავენ წამლის ერთ დოზაზე. 

ბრაზილიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მაისიდან ქვეყანაში მინიმალური ხელფასი გაიზრდება და იგი თვეში 1320 ბრაზილიური რეალი (264 დოლარი) გახდება. მანამდე ბრაზილიაში მინიმალური ხელფასი თვეში 1302 რეალი იყო, რაც დაახლოებით 261 დოლარია. 

მექსიკაში მიმდინარე წელს მინიმალური ხელფასი 20%-ით გაიზარდა. ამასთან, მარტში მექსიკამ პირველად დაიწყო ქვეყანაში ბრაზილიური მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პროდუქტების იმპორტი, რათა უზრუნველყოს ბაზრის დივერსიფიკაცია და გაზარდოს სურსათის მიწოდება ინფლაციის შეკავების მიზნით. 

კოლუმბიაში 2023 წელს 16%-ით გაიზარდა მინიმალური ხელფასი.   

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მაისიდან გაფართოვდება გაზის ფასებზე ლიმიტების სისტემა. ევროკავშირი ქვეყნები ფასის ლიმიტების შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში შეთანხმდნენ.

გერმანია აპრილში დათანხმდა პროფკავშირებთან ხელფასების შესახებ შეთანხმების დადებას, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში დასაქმებულები 2024 წლის თებერვლამდე რამდენიმე ერთჯერადი დახმარების სახით 3 000 ევროს მიიღებენ. ჯამში დახმარებით საჯარო სექტორში მომუშავე 2.5 მილიონი ადამიანი ისარგებლებს. გარდა ამისა, გასულ წელს გერმანიაში ელექტროენერგიისა და გაზის ფასებზე ლიმიტები დაწესდა. 

საფრანგეთში მაისიდან მინიმალური ხელფასი 2.19%-ით მოიმატებს. ამასთან, სახელმწიფომ მარტში ქვეყნის მთავარი სუპერმარკეტების ქსელებთან მიაღწია შეთანხმებას, რათა უზრუნველყოს მყიდველებისთვის შეღავათიანი ფასები საკვებ პროდუქტებზე. 

იტალიამ 2023 წლის ბიუჯეტში ჯამში 21 მილიარდი ევრო გამოყო, რათა ენერგორესურსებზე გადასახადები შეამციროს. 

პორტუგალიამ მარტში გამოაცხადა სპეციალური დახმარების პაკეტი დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის. გარდა ამისა, პორტუგალიამ რამდენიმე ძირითად საკვებ პროდუქტზე სრულად გააუქმა დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ). 

საბერძნეთში 1-ელი აპრილიდან მინიმალური ხელფასი გაიზარდა. დაახლოებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბერძნეთში მინიმალური ხელფასი უკვე მესამეჯერ გაიზარდა.

ესპანეთში მინიმალური ხელფასი იანვარში 8%-ით მოიმატა. 

ჩეხეთის რესპუბლიკამ დეკემბერში დაამტკიცა 2023 წლიდან მინიმალური ხელფასის 6.8%-ით გაზრდის გადაწყვეტილება. 

იაპონიის მსხვილმა კომპანიებმა მარტში ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდა, მოწოდება. ამასთან, იაპონიამ 2 ტრილიონი იენი (14.67 მილიარდი დოლარი) გამოყო სარეზერვო ფონდებიდან, რათა შეამციროს ინფლაცია მიმდინარე ბიუჯეტში. 

ისრაელის სახელმწიფოსა და ქვეყნის მთავარი საჯარო სექტორების მუშათა კავშირს შორის მარტში დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2020-2027 წლებში ისრაელში 350 000 საჯარო მოხელეს ხელფასები 11%-ით გაეზრდება. გარდა ამისა, საჯარო მოხელეებისთვის გამოიყოფა ერთჯერადი გრანტები.