LIVE

საქართველო რუსეთისთვის ღვინის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა - kommersant.ru

28 აპრ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
საქართველო რუსეთისთვის ღვინის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა - kommersant.ru

საქართველო რუსეთისთვის ღვინის მე-2 უმსხვილესი მიმწოდებელია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა kommersant.ru ბაზრის მონაწილეთა მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სტატიის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 49%-ით გაიზარდა და 13.1 მლნ ლიტრი შეადგინა.

kommersant.ru წერს, რომ საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო გადახდისა და ლოჯისტიკური საკითხების სიმარტივემ.

მედიის მიხედვით, რუსეთში ღვინის უმსხვილესი იმპორტიორი იტალიაა. ამ ქვეყნიდან რუსეთში ღვინის იმპორტი 15%-ით გაიზარდა. საქართველოს მოსდევს ესპანეთი, საიდანაც პირველ კვარტალში იმპორტი 11%-ით გაიზარდა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ღვინო საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი იყო, მთლიან ექსპორტში 3.9%-იანი წილით. ქართული ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავლების 68% სწორედ რუსეთზე მოდის. უფრო დეტალურად, პირველ კვარტალში რუსეთში ღვინის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, წლიურად 49%-ით გაზრდის შემდეგ, $38 მილიონი შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო და ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასული 3 თვის განმავლობაში $666.9 მილიონი შეადგინა.