LIVE

იანვარ-მარტში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი $38 მილიონამდე გაიზარდა

22 აპრ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
იანვარ-მარტში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი $38 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ღვინო საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი იყო, მთლიან ექსპორტში 3.9%-იანი წილით. პირველ კვარტალში ექსპორტზე ჯამში $56 მილიონის ღვინო გავიდა, რაც წლიურად 23.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ქართული ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი კი რუსეთია.

ქართული ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავლების 68% სწორედ რუსეთზე მოდის. უფრო დეტალურად, პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში 13 900 ტონამდე ღვინო გავიდა და რუსეთში ღვინის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, წლიურად 49%-ით გაზრდის შემდეგ, $38 მილიონი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო და ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასული 3 თვის განმავლობაში $666.9 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ქართული ღვინის შედარებით მცირე ნაწილი გადის ჩინეთშიც. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე სამ თვეში 725 ტონა ($2.6 მილიონის) ღვინო გავიდა.

თითქმის თანაბარი ღირებულების, $3.2 მილიონამდე, ღვინო გაიყიდა პოლონეთსა და უკრაინაში. $1.1 მილიონის ღირებულების ღვინო შევიდა აშშ-შიც. მათ გარდა, ქართული ღვინის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან ყაზახეთი, გერმანია, ლატვია, ბელარუსი და ლიეტუვა.