LIVE

პაროლის გაზიარების შეზღუდვის ფონზე, Netflix-მა ესპანეთში1 მილიონი მომხმარებელი დაკარგა

27 აპრ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 432
პაროლის გაზიარების შეზღუდვის ფონზე, Netflix-მა ესპანეთში1 მილიონი მომხმარებელი დაკარგა

კვლევითი ჯგუფის Kantar-ის თანახმად, Netflix-მა ესპანეთში 2023 წლის პირველ სამ თვეში მილიონზე მეტი მომხმარებელი დაკარგა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. 

თებერვლის დასაწყისში, Netflix-მა ესპანეთში $6.57 ყოველთვიური გადასახადი შემოიღო მომხმარებლებისთვის, რომლებიც სხვებს ანგარიშის მონაცემებს უზიარებდნენ. ასევე მიიღო ტექნიკური ზომები ასეთი შემთხვევების გამოსავლენად.

”აშკარაა, რომ ეს მკვეთრი ვარდნა გამოწვეულია წესების გამკაცრებით,” - ამბობს Kantar's Worldpanel Division-ის ერთ-ერთი დირექტორი დომინიკ სუნებო და დასძენს, რომ მილიონი მომხმარებლის დაკარგვა დარტყმაა Netflix-ისთვის იმის გათვალისწინებითაც კი, რომ უმრავლესობა თანხას არ იხდიდა. ისინი მაინც უზიარებდნენ სხვებს მოსაზრებებს პლატფორმაზე განთავსებულ შოუებსა და ფილმებზე. 

ამასთან, ესპანეთში Netflix-ის აბონენტების მეათედმა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში გამოწერის გაუქმებას აპირებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიდეოსტრიმინგის სერვისმა შესაძლოა, პაროლის გაზიარების ახალი წესი გააუქმოს. 

თუმცა, Netflix-ის განცხადებით, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლების რიცხვის კლება მოულოდნელი არ ყოფილა. ის ელის, რომ მას შემდეგ, რაც ეს მომხმარებლები საკუთარ ანგარიშებს შექმნიან, გამომწერების რიცხვი კვლავ გაიზრდება. 

„კანადაში ჩვენი ფასიანი წევრობის ბაზა ახლა უფრო დიდია, ვიდრე ფასიანი გაზიარების წესის ამოქმედებამდე“, - თქვა Netflix-მა.

Netflix-ის თანახმად, მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს ანგარიშს, რომლისთვისაც არ იხდის.  

დღესდღეობით Netflix-ი 190-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გრეგ პიტერსი ამბობს, კომპანიის მიზანია სტრიმინგ სერვისი უფრო მეტ ქვეყანაში გახდეს ხელმისაწვდომი. 

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში ბევრ ქვეყანაში Netflix-მა ​პაროლის გაზიარებაზე შეზღუდვები დააწესა. თუ მომხმარებელს სურს საკუთარ პაროლის მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის გაზიარება, ვალდებულია დამატებით გადაიხადოს. სანაცვლოდ, სტრიმინგის გიგანტმა Netflix-მა 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოწერის საფასური შეამცირა.