2023 წლის 1-ლი ივლისიდან ყაზახეთი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავა. ქვეყნის შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
უფრო კონკრეტულად, ამიერიდან მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება დასაშვებს გახდის 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას 5-დღიანი და 6-დღიანი სამუშაო კვირებით ჩანაცვლების შესაძლებლობით. რაც შეეხება დასვენების დღეებს, კვირა დღე განსაზღვრულია საყოველთაო დასვენებად; მეორე ან მესამე დასვენების დღეები კი შრომითი ხელშეკრულებებით განისაზღვრება. სავარაუდოდ, 4-დღიანი და 5-დღიანი სამუშაო კვირები ყაზახეთში ერთმანეთის მონაცვლეობით იმოქმედებს.
4-დღიანი სამუშაო კვირა გლობალურად ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გახდა. საინტერესოა, უკვე რომელი ქვეყნები გადავიდნენ კვირაში მუშაობის 4-დღიან რეჟიმზე და როგორ მუშაობს ეს პრაქტიკა.
დიდი ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში 4-დღიანი სამუშაო კვირის გამოცდა 2022 წლის ივნისში დაიწყო. დეკემბრამდე ქვეყნის 60 კომპანიაში კვირაში მხოლოდ 4 დღე მუშაობდნენ. საკმაოდ პოზიტიური შედეგებიც გამო, კომპანიათა 90%-მა გააგრძელა აღნიშნულ რეჟიმში მუშაობა. მეტიც, გამოჩნდნენ ახალი ფირმები, რომლებმაც ამჯობინეს 4-დღიანი სამუშაო კვირა. ამჟამად ასეთი ფირმების რიცხვი მთელს ქვეყანაში 3000-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი ფირმები, როგორებიცაა Madison Bridge და Ascent Group. კომპანიების განცხადებით, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ხარისხი.
ბელგია
ბელგიაში 4-დღიანი სამუშაო კვირა პოსტ-პანდემიის პერიოდის ერთ-ერთი სიახლე იყო, რომელიც ქვეყანაში მრავალმა კომპანიამ დანერგა 2022 წლის თებერვლიდან, ხოლო უკვე ნოემბერში სახელმწიფომ ოფიციალურად მისცა უფლება დასაქმებულებს, ისარგებლონ მუშაობის აღნიშნული რეჟიმით. როგორც ბელგიის პრემიერმინისტრმა განაცხადა, “მიზანია, მეტი თავისუფლება მივცეთ ხალხსა და კომპანიებს, თავად ჩამოაყალიბონ სამუშაო გრაფიკი.” მიუხედავად ამისა, ბელგიაში დასაქმებულები ვალდებულნი არიან, კვირაში ჯამში 38 საათი იმუშაონ. ეს კი ნიშნავს, რომ გაიზრდება მათი საათობრივი დატვირთვა სამუშაო დღეებში.
ისლანდია
ისლანდია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც 4-დღიანი სამუშაო კვირა დაინერგა. აღნიშნული რეჟიმის საცდელი პერიოდი 2015-დან 2019 წლამდე გრძელდებოდა. შედეგებმა კი აჩვენა, რომ დასაქმებულები იყვნენ მეტად ბედნიერები, ჯანმრთელები და უფრო პროდუქტიულები. მუშაობის აღნიშნული რეჟიმი საზოგადოების სხვადასხვა სფეროში გამოიცადა; მათ შორის იყო საავადმყოფოები, სკოლები და სოციალური სერვისების სამუშაოები. აღნიშნულ ცდებში მონაწილეობას 2500 დასაქმებული იღებდა, რაც ისლანდიის სამუშაო ძალის 1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პოზიტიური შედეგების გათვალისწინებით უკვე 2021 წელს ისლანდიის მთლიანი სამუშაო ძალის 86% შემცირებული საათებით მუშაობდა. ყოველკვირეული 40-საათიანი სამუშაო დატვირთვა ქვეყანაში 35-36 საათამდე შემცირდა.
ირლანდია
ირლანდიაში 6-თვიანი კამპანია სახელად Four Day Week Ireland 2022 წელს ჩატარდა. 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში არსებული 12 კომპანიის ყველა თანამშრომელი კვირაში 4 დღე და 40-ის ნაცვლად 32 საათის მუშაობისათვის იმავე ანაზღაურებას იღებდა, რასაც მანამდე. როგორც კამპანიის უფროსმა, კევინ დონოგიმ, განაცხადა, “დასაქმებულები იღებდნენ თავიანთი ხელფასის 100%-ს პროდუქტიულობის 100%-ისთვის, რომელსაც თავიანთი დროის 80%-ში ასრულებდნენ”. კამპანიაში მონაწილე კომპანიებიდან 7-მა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ 7-დან 6 ფირმის შემოსავლები გაიზარდა. ამასთან, გაუმჯობესდა დასაქმებულთა კეთილდღეობაც, შემცირდა სტრესისა და გადაღლის შემთხვევები. ამასთან, აღმოჩნდა, რომ გაუმჯობესდა სამუშაოს ოჯახურ ცხოვრებასთან შეთავსების ხარისხიც. ამასთან, გაიზარდა ძილის საშუალო დროც ღამეში 7.02 საათიდან 7.72 საათამდე.
იაპონია
იაპონია საყოველთაოდ ცნობილია ინტენსიური და მკაცრი სამუშაო კულტურით. მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია იაპონიის სახელმწიფოსთვის, რომელმაც 2021 წელს მოუწოდა კომპანიებს, მუშაობის 4-დღიან რეჟიმზე გადასულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კომპანიამ 5-დღიანი სამუშაო რეჟიმი შეინარჩუნა, კვირაში 4-დღიან დატვირთვაზე გადავიდნენ ისეთი მსხვილი ფირმები, როგორებიც არიან Panasonic და Microsoft. აღსანიშნავია, რომ კვირაში 4-დღიანი მუშაობა ადამიანებს საშუალებას აძლევთ, უფრო მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავებს; მათ შორის, დახარჯონ უფრო მეტი ფული, რაც, სავარაუდოდ, იაპონიის ეკონომიკის ზრდისათვის გახდება კიდევ ერთი სტიმული.
4-დღიანი სამუშაო კვირის მთავარი იდეა გულისხმობს დასაქმებულთათვის იმავე რაოდენობით ხელფასის გადახდასა და იმავე ხარისხის სამუშაო დატვირთვას. ერთადერთი განსხვავება არის სამუშაო დღეების რაოდენობა, რომელიც კვირაში 5-დან 4-მდე მცირდება.