
ინდოეთში OPEC-ის ნავთობის იმპორტის წილი 2022-2023 წლებში ყველაზე სწრაფი ტემპით დაეცა, რადგან ქვეყანა ფასდაკლებულ რუსულ ნავთობს ირჩევს.
რუსეთმა პირველად გაუსწრო ერაყს და ინდოეთის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა. მე-3 ადგილი კი საუდის არაბეთმა დაიკავა.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრების წილი ინდოეთის ნავთობის ბაზარზე 2022-2023 ფისკალური წლის განმავლობაში 59%-მდე შემცირდა მაშინ, როცა 2021-2022 წლებში დაახლოებით 72%-ს შეადგენდა.
ინდოეთი მაღალი ხარჯების გამო წარსულში იშვიათად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, თუმცა ახლა იგი საზღვაო გზით შეტანილი რუსული ნავთობის მთავარი მიმღებია.
მონაცემები აჩვენებს, რომ ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა 2022-2023 წლებში დღეში დაახლოებით 1.6 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც მისი ნავთობის მთლიანი იმპორტის - დღეში 4.65 მილიონი ბარელის - დაახლოებით 23%-ს შეადგენს.
ანალიტიკოსები ელიან, რომ OPEC-ისა და მისი მოკავშირეების მიერ წარმოების შემცირება წელს ინდოეთის ბაზარზე ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების წილის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს, თუ რუსეთის ნავთობის მარაგი შენარჩუნდება.
"რუსული ნედლი ნავთობი, ახლო აღმოსავლეთის ნავთობთან შედარებით, უკვე უფრო იაფია. როგორც ჩანს, OPEC ზიანს აყენებს საკუთარ თავს წარმოების შემცირებით. ეს კიდევ უფრო შეამცირებს მის წილს აზიაში", - ამბობს Refinitiv-ის ანალიტიკოსი ეჰსან ულ ჰაკი და განმარტავს, რომ OPEC-ის გადაწყვეტილება რუსეთს გაყიდვებში ეხმარება.
მიმდინარე თვეში საუდის არაბეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) სხვა წევრებთან ერთად, ნედლი ნავთობის მოპოვების „ნებაყოფლობით შემცირებას“ იწყებს.
საუდის არაბეთი წარმოების შემცირებას დღეში 500 000 ბარელით, ერაყი კი 211 000-ით გეგმავს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ალჟირი და ომანი ასევე ამცირებს ნავთობის მოპოვებას.