LIVE

S&P: საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის გეგმა ამბიციურია

01 მარ 202114:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 536
S&P: საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის გეგმა ამბიციურია

ვაქცინის მოთხოვნა-მიწოდების გლობალური დინამიკის გათვალისწინებით, Standard & Poor's მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა, მიმდინარე წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამბიციურია. 

"საქართველო 214,000 დოზის მიღებას გეგმავს 2021 წლის პირველ ნახევარში COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით. ეს მოცულობა მთლიანი მოსახლეობის ვაქცინაციის 2.8%-იან დონეს ეყოფა, თუ გავითვალისწინებთ ორ დოზას თითო ადამიანზე. გვესმის, რომ მთავრობას ასევე სურს შეისყიდოს ვაქცინა პირდაპირ მწარმოებლებისგან და სხვა მთავრობებისგან," ნათქვამია S&P-ს შეფასებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განმარტა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით ვაქცინაციის პროცესი, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან დაიწყება. ამასთან, უწყება მიმდინარე კვირაში გეგმავს Pfizer-თან დამატებითი პირობების დაზუსტებას. 

S&P-ის შეფასებით, ვაქცინაციის საკითხი პირდაპირ ბმაშია ტურიზმის აღდგენასთან, რომელიც თავის მხრივ გადამწყვეტი იქნება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. ტურიზმის სექტორის აღდგენის პერსპექტივა ამ ეტაპზე გაურკვეველია, მაშინ როცა ეს დარგი ქვეყნის ეკონომიკის 20%-ს შეადგენდა პანდემიამდე. სწორედ ამიტომ მიიჩნევს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, რომ ვაქცინაციის პროცესი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, საიდანაც საქართველოში ტურისტების უმეტესობა შემოდის, ამ დარგის აღდგენისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. 

სააგენტოს პროგნოზით, ტურიზმის დარგი 2019 წლის ნიშნულს საქართველოშ 2024 წლამდე არ დაუბრუნდება.