
ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს და მისი განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე, - მოქალაქეებს ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფრთხილებს.
"გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.
უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etias
ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე", - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესი, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო, 2024 წლამდე გადაიდო. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება "ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან" (ETIAS).
ყველა ვიზიტორს, ვინც ადრე ევროპაში უვიზოდ მოგზაურობდა, ასაკის მიუხედავად, ETIAS-ის მიღება მოეთხოვება. განაცხადის შევსება გამგზავრებამდე, ელექტრონულად იქნება საჭირო, რის საფასურადაც 7 ევრო განისაზღვრა.
მიღებული ნებართვა ძალაში 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე იქნება.