LIVE

ილონ მასკს ChatGPT-ის კონკურენტის შექმნა სურს

18 აპრ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 326
ილონ მასკს ChatGPT-ის კონკურენტის შექმნა სურს

ილონ მასკს სურს, შექმნას საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც ChatGPT-ის მთავარი კონკურენტი გახდება.  ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში გლობალურად ორი მთავარი კომპანია დომინირებს. ესენია, ერთი მხრივ, OpenAI, რომელსაც Microsoft უჭერს მხარს და, მეორე მხრივ, Alphabet, რომელშიც შედიან Google და DeepMind. როგორც ილონ მასკმა განაცხადა, მას “მესამე ვარიანტის” შექმნა სურს. 

Tesla-სა და Twitter-ის ხელმძღვანელის განცხადებით, მას სურს ჩაებას ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონკურენციაში, რომელიც OpenAI-ის მიერ შექმნილი ChatGPT-ის გამოშვების შემდეგ მსოფლიო ტექნოლოგიურ სფეროში საკმაოდ აქტუალური საკითხი გახდა. ვინაიდან ამჟამად აღნიშნულ სფეროში Google და Microsoft, როგორც “ორი მძიმეწონიანი” მასა, ლიდერობენ, მასკმა “მესამე ვარიანტის” შექმნა გადაწყვიტა. დამატებითი დეტალების განმარტებისაგან ამ ეტაპზე მილიარდერი თავს იკავებს. 

მასკის ხელოვნური ინტელექტის ახალი ფირმა სავარაუდოდ მისი “ყოვლისმომცველი” კომპანია X-ის ნაწილი უნდა გახდეს. უკვე გასულ კვირას გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ მასკმა Twitter თავის ახალ კომპანია X Corp-ში გააერთიანა.

ორშაბათს ილონ მასკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია Microsoft-ის მზარდი როლითა და გავლენით OpenAI-ზე - უწინ ჩვეულებრივ სტარტაპზე, რომელიც ნელ-ნელა დაშორდა არაკომერციულ ოპერაციებს. მასკმა ისიც განაცხადა, რომ ახლანდელი ჩატბოტები უბრალოდ პოლიტკორექტულნი არიან; თავად კი სურს შექმნას ხელოვნური ინტელექტის კომპანია, რომელიც მთავარ ყურადღებას გაამახვილებს სიმართლეზე და შეეცდება “სამყაროს ბუნების გარკვევას.”