LIVE

ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის ფონზე, ნავთობი გაძვირდა

18 აპრ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის ფონზე, ნავთობი გაძვირდა

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა დღეს 23 ცენტით მოიმატა და ბარელზე $84.99-ს მიაღწია, ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate 21 ცენტით გაძვირდა და $81.04 შეადგინა.

ნავთობის გაძვირება ჩინეთის გაუმჯობესებული ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებას მოჰყვა. ამან გააჩინა მოლოდინი, რომ ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნა გაიზრდება. 

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო სწრაფად გაიზარდა და გასულ წელთან შედარებით, 4.5%-იანი ზრდა აჩვენა, რაც დეკემბერში COVID-19 მკაცრი რეგულაციების გაუქმებით აიხსნება.

ამასთან, ჩინეთში მაისი აქტიური მოგზაურობის პერიოდია და მოსალოდნელია, რომ საწვავზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

ჩინეთის გადამამუშავებელი ქარხნების აქტივობა მარტში რეკორდულ დონემდე გაიზარდა, რაც, ასევე, მიუთითებს საწვავზე მოთხოვნის შესაძლო ზრდაზე.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, 2023 წელს ნედლ ნავთობზე მოთხოვნა ძირითადად ჩინეთის ხარჯზე გაიზრდება. 

თუმცა, ასევე მოსალოდნელია, რომ OPEC+-ის მწარმოებლების მიერ გამომუშავების შემცირებამ წლის მეორე ნახევარში მიწოდების დეფიციტი შექმნას, რაც საბოლოოდ გლობალური ეკონომიკის აღდგენას დააზიანებს.