LIVE

გერმანიაში უკანასკნელი ატომური ელექტროსადგურები იხურება

15 აპრ 202316:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 367
გერმანიაში უკანასკნელი ატომური ელექტროსადგურები იხურება

გერმანიაში უკანასკნელი სამი ატომური ელექტროსადგური იხურება: Isar II-ის, Emsland-ისა და Neckarwestheim II-ის კოშკები შაბათ შუაღამეს საბოლოოდ დაიკეტება. გერმანიას სურს, 2035 წლისთვის სრულად განახლებადი ელექტროენერგია აწარმოოს; შესაბამისად, ბერლინმა გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო. 

ჯერ კიდევ 2011 წლის შემდეგ, როდესაც იაპონიაში ფუკუშიმას ატომური რეაქტორი აფეთქდა და რადიაცია ჰაერში გავრცელდა, რამაც მსოფლიო მნიშვნელოვნად შეაშინა, გერმანიამ დადო პირობა, რომ საბოლოოდ დაასრულებდა ატომური ენერგიის წარმოებას. გერმანიას აღნიშნული ელექტროსადგურები ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდა დაეკეტა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ენერგორესურსების დეფიციტზე შიშმა ბერლინი ცოტა ხნით შეაჩერა. ამჟამად გერმანია კვლავ დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ გაზის მიწოდება შეუფერხებლად მოხდება; შესაბამისად, სახელმწიფოს ძალისხმევა განახლებადი რესურსების წარმოების განვითარებას ეთმობა. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით,  2023 წლის პირველ სამ თვეში აღნიშნული 3 ატომური ქარხნით გამომუშავდა გერმანიის ელექტროენერგიის მხოლოდ 5%. გასულ წელს ბირთვული ენერგია გერმანიის ენერგიის წარმოების 6%-ს შეადგენდა, ხოლო განახლებადი რესურსები - 44%-ს. 

მიუხედავად ამისა, კვლევითი ინსტიტუტის, Forsa-ს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელთა ⅔ მაინც მხარს უჭერდა ატომური რეაქტორების მუშაობის შენარჩუნებას: “ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა მაინც იმ შიშმა განაპირობა, რომ ენერგიის მიწოდება შესაძლოა გარანტირებული და უსაფრთხო არ იყოს” - განაცხადა Forsa-ს ანალიტიკოსმა, პიტერ მატუშეკმა Reuters-სთან ინტერვიუში. 

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ აუცილებელი რაოდენობით ელექტროენერგიის მიწოდება გარანტირებულია; უფრო მეტიც, ელექტროენერგიას გერმანია ექსპორტზეც კი გაიტანს. პირობების დადების საფუძველს ბერლინს გაზის თითქმის სავსე რეზერვები, თხევადი გაზის ახალი ტერმინალები და განახლებადი ენერგორესურსების გაფართოებული წარმოება აძლევს.