LIVE

ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი - ახალი გამოწვევა მთავრობებისთვის?

26 აპრ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 329
ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი - ახალი გამოწვევა მთავრობებისთვის?

იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ გააუქმებს დროებით აკრძალვას OpenAI-ის ChatGPT ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიაზე, თუკი ამერიკული კომპანია მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ მოთხოვნებს აპრილის ბოლომდე დააკმაყოფილებს. 

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება მთავრობებისთვის ამ ტექნოლოგიების გამოყენების პირობებთან დაკავშირებით ახალ თავსატეხს ქმნის. სხვადასხვა სახელმწიფო სხვადასხვანაირად პასუხობს გამოწვევებს:

ავსტრალია

ავსტრალიის მთავრობა ამჟამად ქვეყნის მთავარი სამეცნიერო საკონსულტაციო ორგანოსაგან ელის პასუხს და განიხილავს ნაბიჯებს, რომელიც სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების რეგულირებისთვის უნდა გადაიდგას. 

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მარტში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობებზე რეგულაციისთვის პასუხისმგებლობას გაინაწილებენ ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მარეგულირებლები. 

ჩინეთი

ჩინეთის კიბერსივრცის მარეგულირებელმა 11 აპრილს გამოაქვეყნა მისაღები ზომების პროექტი ხელოვნური ინტელექტის სერვისების მართვისათვის და განაცხადა, რომ სანამ ფირმები დაიწყებენ საზოგადოებისათვის თავიანთი პროდუქციის შეთავაზებას, მანამდე მათ მოუწევთ უსაფრთხოების შეფასებების წარდგენა ხელისუფლებისათვის. ამასთან, პეკინი დახმარებას გაუწევს მწარმოებლებს, რომლებიც ChatGPT-ის ჩინური ანალოგის შექმნაზე მუშაობენ. 

საფრანგეთი

საფრანგეთი 2024 წლის მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელიც პარიზში გაიმართება, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით აღჭურვილ სათვალთვალო ვიდეოკამერებს გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ამ ეტაპზე იკვლევს რამდენიმე საჩივარს ChatGPT-ის წინააღმდეგ, რომლებიც ჩატბოტის იტალიაში აკრძალვის შემდეგ გაჩნდა. 

იტალია

იტალიაში ChatGPT დროებით უკვე აიკრძალა მას შემდეგ, რაც მონაცემთა ეროვნულმა სააგენტომ შეშფოთება გამოთქვა კონფიდენციალურობის შესაძლო დარღვევების შესახებ. ქვეყანას OpenAI-სთვის უკვე დაწესებული აქვს მოთხოვნები უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხთა განმარტებასთან დაკავშირებით, რომლებიც აპრილის ბოლომდე უნდა შესრულდეს. 

იაპონია

იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა 10 აპრილს განაცხადა, რომ სურს G7-ის შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც 29-30 აპრილს გაიმართება, განიხილონ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები და სახელმწიფოებმა ChatGPT-სთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გამოთქვან.

ესპანეთი 

გამოძიებას ChatGPT-ის მომხმარებელთა მონაცემების პოტენციური დარღვევის შესახებ ასევე იწყებს ესპანეთის მონაცემთა დაცვის სააგენტო, რომელიც საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკვე ევროკავშირის დონეზე აწარმოებს. 

აშშ

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებით შეიძლება დაავადებებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. მიუხედავად ამისა, აშშ-სთვის ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებიდან მომდინარე ის პოტენციური რისკები, რომლებიც  საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკას უკავშირდება.