იტალია პირველი დასავლური ქვეყანაა, რომელმაც ჩატბოტი ChatGPT დაბლოკა. იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანომ Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი, ამერიკული OpenAI-ს მიერ შექმნილი ჩატბოტის დაბლოკვის და გამოძიების დაწყვების გადაწყვეტილება, კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე მიიღო.
რეგულატორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება ასევე დაადგენს OpenAI-ს შესაბამისობას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR), რომელიც მსოფლიოში კონფიდენციალურობის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი კანონია.
იტალიურმა რეგულატორმა 20 მარტს გააკეთა განცხადება, რომ აპლიკაციას მონაცემების დაცვის კუთხით ჰქონდა დარღვევა, რაც შეიცავდა მომხმარებელთა საუბრებისა და გადახდის ინფორმაციას. იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანო ასევე მიუთითებს, რომ არ არსებობს მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაციის ფუნქცია და აპლიკაციას „არასრულწლოვანებისთვის, გამოცდილებისა და ცნობიერების შეუსაბამო კონტეტნის მიწოდება შეუძლია“.
იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანოს მიხედვით, OpenAI-ს საპასუხოდ 20 დღე ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევდა.
OpenAI იტალიური მარეგულირებლის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა. კომპანიის განცხადებით, კონფიდენციალურობის კანონები არ დაურღვევია, თუმცა მარეგულირებლის მოთხოვნით, ChatGPT იტალიელი მომხმარებლებისთვის გათიშეს.
„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ადამიანების კონფიდენციალურობა და გვჯერა, რომ ვემორჩილებით GDPR-ს და სხვა კონფიდენციალურობის კანონებს“,- წერს OpenAI.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ChatGPT-სა და მსგავსი AI სისტემების „წვრთნის“ დროს, ისინი მუშაობენ პერსონალური მონაცემების გამოყენების შემცირებაზე, რადგან მათი მიზანია AI გაეცნოს „სამყაროს შესახებ ინფორმაციას და არა კერძო პირების მონაცემებს“.
"ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება აუცილებელია. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს იტალიურ მარეგულირებელთან მჭიდრო თანამშრომლობის, რათა ვაჩვენოთ როგორაა აგებული და როგორ ფუნქციონირებს ჩვენი სისტემები“,- აცხადებენ OpenAI-ში.
ChatGPT-ს მილიონობით ადამიანი იყენებს 2022 წლის ნოემბრიდან. კომპანია Microsoft-მა, რომელიც ჩატბოტის უმსხვილესი მხარდამჭერია, Bing-ის საძიებო სისტემაში დაამატა. Microsoft-ი ტექნოლოგიის განთავსებას Office-ის აპლიკაციებშიც (Word, Excel, PowerPoint) გეგმავს.
მსოფლიოში უკვე არსებობს შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციურ რისკებზე, მათ შორის, სამუშაო ადგილების ჩანაცვლების, დეზინფორმაციისა და მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
ამ კვირის დასაწყისში ტექნოლოგიების მთავარმა ფიგურებმა, მათ შორის ილონ მასკმა, ამ ტიპის ხელოვნური ინტელექტის სისტემების შეჩერება მოითხოვეს, იმის შიშით, რომ მათ განვითარებაში რბოლა უკონტროლო გახდა.
ჩატბოტი უკვე დაბლოკილია რამდენიმე ქვეყანაში, მაშ შორის, ჩინეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში.