LIVE

2022 წელს უკრაინის ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა

13 აპრ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 433
2022 წელს უკრაინის ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა

უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2022 წელს 29.1%-ით შემცირდა, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ამის შესახებ უკრაინის სტატისტიკის სამსახურმა გუშინ განაცხადა.

ეს მაჩვენებელი უკრაინის მთავრობის მიერ პროგნოზირებულ მონაცემზე - 30%-იან ვარდნაზე ოდნავ უკეთესია. 

2022 წლის თებერვალში კრემლის უკრაინაში შეჭრამ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია, დააზიანა მძიმე მრეწველობა, ელექტროგადამცემი ქსელი, სოფლის მეურნეობის სექტორი და ა.შ.

უკრაინას უკიდურესად შეზღუდული აქვს წვდომა შავი ზღვის პორტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მარცვლეულისა და ლითონების ექსპორტისთვის, ექსპორტი კი ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს.

უკრაინის მთავრობა ვარაუდობს, რომ, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობისა და სამშენებლო სექტორებში ვითარების გაუმჯობესების გამო, ქვეყნის ეკონომიკა 2023 წელს შესაძლოა 1%-ით გაიზარდოს.

ეკონომიკის სამინისტრომ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ 2022 წელს ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა. 

ომის გამო, უკრაინის მარცვლეულის მოსავალი 2021 წლის რეკორდული 86 მილიონი ტონიდან 2022 წელს 53 მილიონ ტონამდე დაეცა.

ამასთან, ფოლადის წარმოება თითქმის 71%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წამყვანი ქარხანა განადგურდა ან რუსებმა დაიკავეს. 

გასულ კვირას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს უკრაინის ეკონომიკა 0.5%-ით გაიზრდება, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 3.5%-ს მიაღწევს.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) წელს უკრაინის ეკონომიკის 3%-იანი შემცირება ივარაუდა. გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო, ფონდმა მომდევნო წლების ზრდის მაჩვენებლები არ გამოაქვეყნა. 

IMF-ის პროგნოზითვე, მიმდინარე წელს რუსეთს მკვეთრად გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტი და მცირე მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ექნება. ფონდი ვარაუდობს, რომ რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს 0.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წელს - 1.3%-ით. 

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა.