LIVE

როგორ დავაღწიოთ თავი არჩევანის ტირანიას

28 თებ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
როგორ დავაღწიოთ თავი არჩევანის ტირანიას
ILLUSTRATION BY YANN BASTARD

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არჩევანი კარგია, ჩვენ ვცდებით, როდასაც გვგონია, რომ რაც მეტია არჩევანი, მით უკეთეს გადაწყვეტილებას მივიღებთ- ამბობს Berkeley-ის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ბარი შვარცი.

ხშირ შემთხვევაში, ვერც ვაცნობიერებთ, რამდენად ფართო არჩევანია ჩვენს წინაშე. შეგიძლიათ, შეიძინოთ ასობით სხვადასხვა სახის შხაპის გელი ან შამპუნი. ან მაგალითად Starbucks-ი ყავას ჭიქის ხუთი ზომით, სხვადასხვა ცხიმიანობით, ჯავას სხვადასხვა დოზით და ათასნაირი რძით ყიდის, ყავების არჩევანზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასეთი კიდევ უამრავი მაგალითია ჩვენ გარშემო.

უსაზღვრო არჩევანი "გადაწყვეტილების დაღლილობას" იწვევს, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა, არასწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს.

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე კომფორტული 8-10 ვარიანტია. როდესაც არჩევანი მეტია, ეს პარალიზებულს გვხდის. თუმცა, როცა არჩევანი მწირია, გვგონია, რომ მოწოდებულ არჩევანში სასურველი შემოთავაზება არ არის.

”გვგონია, რომ სადღაც არსებობს შესანიშნავი X და ჩვენ ის უნდა ვიპოვნოთ” - ამბობს შვარცი, რომელიც მსახიობ აზიზ ანსართან ერთად მუშაობდა Modern Romance-ზე, წიგნზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ბევრი ადამიანი სამუდამოდ მარტოხელა რჩება, რადგან ისინი გადატვირთული არიან გაცნობის აპებზე შეუზღუდავი არჩევანით. ”ეს ნამდვილად შეცდომაა. იდეალური X- ები შექმნადია და არა აღმოჩენადი. ”

იგივე პრობლემის წინაშე ვდგებით, როდესაც ვეძებთ იდეალურ რესტორანს, დასვენების ადგილს ან თუნდაც ახალ სამსახურს. შვარცი ამტკიცებს, რომ ფართო არჩევანის შემთხვევაში, უფრო ძიების პროცესზე ვართ კონცენტრირებული, ვიდრე შედეგზე, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ.

ზოგჯერ ცვლილებას, არსებულის გაუმჯობესება სჯობს. სამსახურის შემთხვევაში, მაგალითად, თუ უიმედო მდგომარეობა არ არის, სჯობს კოლეგებსა და მენეჯერთან საუბრით ვეცადოთ, გავაუმჯობესოთ პირობები, ვიდრე ვეძებოთ ახალი სამსახური.

შვარცი განმარტავს, რომ ფართო არჩევანის შემთხვევაში, დიდ დროს ვხარჯავთ სხვადასხვა ვარიანტების შესწავლაზე და საბოლოო ჯამში, შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომლითაც ბოლოს უკმაყოფილოც კი შეიძლება დავრჩეთ.

არჩევანის ტირანიის ასარიდებლად შვარცი შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:

•  განასხვავეთ ტრივიალური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. განსაზღვრეთ დრო არჩევანის გასაკეთებლად;
• სამყარო არჩევანის სპექტრს მხოლოდ თქვენთვის არ შეზღუდავს, ამიტომ დაიცავით საკუთარი დისციპლინა;
• რეკომენდაციისთვის მიმართეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს;
• ონლაინ შოპინგისას არასოდეს დააჭიროთ ღილაკს "ყველა".

და ბოლოს, არჩევანის შესაზღუდად, რუტინა კარგი გზაა. თუ რამე არ გაწუხებთ, ნუ იფიქრებთ ცვლილებაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეს შენკლმანი