LIVE

TBC Capital: მაისში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გარანტირებული ჯერ კიდევ არ არის

10 აპრ 202313:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 385
TBC Capital: მაისში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გარანტირებული ჯერ კიდევ არ არის

TBC Capital-ის შეფასებით, ინფლაციის ტემპის შემცირების მიუხედავად, მაისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის კლება, გარანტირებული ჯერ კიდევ არ არის. მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, სებ-ის აზრით, საჭირო გახდეს არსებული დინამიკის გაგრძელების მეტი მტკიცებულება.

„მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსის დეტალური ჩაშლა აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჯამური ინფლაცია შემცირდა, არამედ სახეზეა მომსახურებისა და მთლიანობაში ადგილობრივი ინფლაციის კლებაც. უფრო მეტიც, ყოველთვიურ ჭრილში, ეს ინდიკატორი, რომელსაც სებ-ი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, უკვე 3%-იან სამიზნეზეა. ასევე, შემცირდა ინფლაციის სხვა, უფრო ანალიტიკური მაჩვენებლებიც.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ მაისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის შემცირება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გარანტირებული არაა, რადგანაც შესაძლოა, სებ-ის აზრით, საჭირო გახდეს არსებული დინამიკის გაგრძელების კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება. თუმცა ჩვენი აზრით, ადგილობრივი კომპონენტის მხრივაც, ინფლაციის შემცირება აშკარაა. თავის მხრივ, ეს ლარის დამატებით გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტიცაა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, მართალია მხოლოდ გარკვეულწილად, მაგრამ ლარის არსებული გამყარებაც ჩვენს მოლოდინებს აღემატება“, - აღნიშნულია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

TBC Capital-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რუსეთიდან სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, თუმცა ასევე მზარდია სხვა ქვეყნებიდან მიღებული სავალუტო ნაკადებიც.

„აღრიცხვის კუთხით აღსანიშნავია, რომ მიგრანტების გარკვეული ნაწილი, მათთვის რეზიდენტის სტატუსის მინიჭების გამო, ტურისტულ სექტორში აღარ შედის. თუმცა, ასეთი კატეგორიის წილი შედარებით მცირეა. უფრო მეტიც, TBC-ის 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, მიგრანტების ნახევარზე მეტი შემოსავლებს რუსეთიდან არ იღებს. ასევე, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დარჩენას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

შეგახსენებთ, საქსტატის თანახმად, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.2%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.3% შეადგინა.