LIVE

საპენსიო სააგენტომ ინვესტიცია "თიბისი ლიზინგის" ობლიგაციებში ჩადო

08 აპრ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
საპენსიო სააგენტომ ინვესტიცია "თიბისი ლიზინგის" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ მორიგ ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში განახორციელა ინვესტიცია.

კერძოდ, სააგენტომ "თიბისი ლიზინგის" მიერ გამოშვებულ 80 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციებში დააბანდა თანხა. სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 8 მილიონ ლარს, ანუ კანონით დადგენილ ემისიის 10%-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რამდენიმე კვირის წინ სააგენტომ ასევე დაიწყო გლობალურ ბაზრებზე დაბანდებული თანხების დივერსიფიცირება და საპენსიო დანაზოგების ნაწილი აზიურ და ლათინოამერიკულ ინდექსებში ჩაიდო.

„ნიკორას“ შემდეგ "თიბისი ლიზინგის" ემისია ჩვენთვის რიგით მეორე ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირებაა. ორივე შემთხვევაში ობლიგაციების მომგებიანობა მიბმულია ბანკთაშორის განაკვეთს, რომელიც ყველაზე მეტად კითხულობს რეფინანსირების განაკვეთს. „თიბისი ლიზინგის“ შემთხვევაში ამ დროსთვის საპროცენტო სარგებელი 14%-ს შეადგენს, „ნიკორას“ შემთხვევაში კი 14.6%-ს. ჩვენთვის ქართული კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი პრიორიტეტია და ბაზრის მონიტორინგს ვაგრძელებთ. რაც შეეხება საერთაშორისო ინვესტიციებს, ჩვენ შარშან განვითარებული ეკონომიკების ინდექსების შეძენა დავიწყეთ, სადაც ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია შედის. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ შევიძინეთ ლათინური ამერიკის ინდექსი, სადაც შედის ბრაზილია, არგენტინა, პერუ, კოლუმბია. ასევე შევიძინეთ განვითარებული აზიის ინდექსი, სადაც შედის ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი. ამის მიზანია, რომ ჩვენ გვქონდეს გლობალური რეგიონული დივერსიფიცირება და არ ვიყოთ ერთი ქვეყნის ეკონომიკაზე და ინდექსზე დამოკიდებული. ეს დივერსიფიცირება მოგვცემს უფრო დაბალ ვოლატილობას და მეტი მომგებიანობის პერსპექტივას“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტომ ადგილობრივ კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება შარშან დაიწყო. კერძოდ, სააგენტომ „ნიკორას“ მიერ განთავსებულ 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიან ობლიგაციებში ჩადო.

2023 წლის 7 აპრილის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.25 მლრდ ლარია. წმინდა ამონაგები კი 493.4 მლნ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 386 ათასი ადამიანია.

დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,375 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 9,046,189.28 ლარს შეადგენს.