LIVE

გერმანულმა კომპანიებმა Nord Stream-ის დაზიანებული ნაწილები აღადგინეს

04 აპრ 202315:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 298
გერმანულმა კომპანიებმა Nord Stream-ის დაზიანებული ნაწილები აღადგინეს

გერმანიის სადაზღვევო კომპანიებმა Allianz და Munich Re-მ აფეთქების შედეგად დაზიანებული Nord Stream 1 გაზსადენის ნაწილები შეაკეთეს.

2022 წლის სექტემბერში გაზსადენი აფეთქებით დაზიანდა, რის გამოც Nord Stream-მა მუშაობა შეწყვიტა. მანამდე სწორედ ეს მილსადენი იყო მთავარი მარშრუტი, რომლითაც ევროპას ათი წლის განმავლობაში რუსული გაზი მიეწოდებოდა. 

საინტერესოა, რომ სადაზღვევო კომპანიების აღდგენითი სამუშაოები არ ემთხვევა გერმანიის საჯარო პოზიციას მოსკოვთან კავშირების გაწყვეტის შესახებ, თუმცა რამდენიმე წყაროს განცხადებით, გერმანიის მთავრობა მილსადენის დაზიანებული ნაწილების შეკეთებაზე წინააღმდეგობას არ გამოხატავს.

ჯერჯერობით Allianz და Munich Re კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული სადაზღვევო კომპანიები Nord Stream-ის დაზიანებული ნაწილების აღდგენაში ფინანსურ დახმარებას მთავრობისაგან არ იღებენ. 

Nord Stream 1-ის 51%-იანი წილი რუსეთის სახელმწიფოს ენერგეტიკულ ჯგუფ Gazprom-ს ეკუთვნის. საკითხთან დაახლოებული რამდენიმე პირი აცხადებს, რომ Nord Stream-ის ზოგიერთი გერმანელი აქციონერი მხარს უჭერს მილსადენის შენარჩუნებას იმ შემთხვევისათვის, თუ სამომავლოდ ოდესმე აღდგება მოსკოვთან ურთიერთობები. 

გასულ წელს უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ევროპამ უარი განაცხადა რუსულ გაზზე. რუსული გაზის იმპორტი რეგიონში 40%-დან 10%-მდე შემცირდა. რუსული გაზის ჩანაცვლების მიზნით, ევროპა განახლებადი რესურსებისა და ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიებისათვის მუშაობს. 

გერმანიის მთავრობის ერთ-ერთმა ექსპერტმა ეკონომიკაში, ვერონიკა გრიმმა, განაცხადა, რომ მიუხედავად იმ მცირე რაოდენობის ოფიციალური პირისა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის იდეას, გერმანიის წარსული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში იაფი რუსული გაზის იმპორტს ეყრდნობოდა, ამიერიდან სიცოცხლისუნარიანი აღარაა.