LIVE

ნავთობის მოპოვების შემცირების ფონზე დოლარის კურსი მყარდება

03 აპრ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 648
ნავთობის მოპოვების შემცირების ფონზე დოლარის კურსი მყარდება

დოლარი სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ გამყარდა. მას შემდეგ, რაც OPEC-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ განაცხადეს, გაჩნდა შიშები ინფლაციის ზრდის შესახებ. ამასთან, მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს. 

კვირას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) და მოკავშირე სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების მიზნობრივი შემცირების შესახებ, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 4 დოლარით, ანუ 5.3%-ით გაიზარდა და ერთი ბარელის ღირებულებამ 84 დოლარს გადააჭარბა. 

სავარაუდოა, რომ ნავთობის მაღალი ფასი გლობალურად გაზრდის ინფლაციის კურსს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე აისახა გლობალურად სავალუტო კურსების ცვლილებაზე.

დოლართან მიმართებით ევრო 0.1%-იით დაეცა და $1.0835 გახდა, ხოლო დოლარმა იაპონურ იენთან მიმართებით 0.5%-ით მოიმატა და 133,57 გახდა. 17 მარტის შემდეგ იენთან მიმართებით ეს დოლარის ყველაზე მაღალი კურსია. სტერლინგი დოლართან 0.1%-ით გაუფასურდა და $1.2317 გახდა. 0.3%-ით გამყარდა  ასევე დოლარი შვეიცარიულ ფრანკთან. 

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა პარასკევს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თებერვალში შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 5%-ით გაიზარდა. აღნიშნული ინდექსის ზრდა იანვარში 5.3%-იანი იყო, თუმცა ამჯერად ინფლაციის კურსის მთავარი ინდიკატორი ნავარაუდებზე ბევრად დაბალი - 4.7%-ია.