LIVE

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

02 აპრ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1844
როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მოქალაქე იმთავითვე ითვლება ევროპული გაერთიანების მოქალაქედაც, რაც მთელი რიგი უპირატესობების ქონას გულისხმობს: ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ მუშაობის, სწავლისა და ცხოვრების უფლება გაერთიანების წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში; ისინი სარგებლობენ მსოფლიოში საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა სოციალური დახმარებების პროგრამებით. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ ევროპარლამენტის არჩევნებში. 

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქვეყნებს მოქალაქეობის მიღების განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, ხშირ შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე დროის პერიოდი სჭირდება ყველას, ვისაც არ ჰყავს ნათესავი ან წინაპარი კონკრეტული სახელმწიფოდან ანდაც არ აკეთებს რაიმე ინვესტიციას მოქალაქეობის მისაღებად. 

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვალიფიციური კადრების მოსაზიდად გერმანია საემიგრაციო სისტემის გამარტივებას აპირებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რეკორდულად დიდი რაოდენობის, 29 000-მა ქართველმა გააკეთა განაცხადი ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად. ევროპაში ქართველ მიგრანტთა რიცხვის ზრდის ფონზე, საინტერესოა, თუ რა მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოებს მოქალაქეობის მისაღებად. 

ქვემოთ განვიხილავთ მოქალაქეობის მიღებისათვის აუცილებელ მოთხოვნებსა და სხვადასხვა პირობებს ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში, კერძოდ იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში.

დამატებით ვისაუბრებთ შვეიცარიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა წარმოადგენს ევროპის მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეობის მიღების ყველაზე რთულ პირობებს უწესებს მსურველებს.

იტალია

იტალიის მოქალაქეობის მისაღებად უცხოელს ოთხი ვარიანტი აქვს: მან უნდა გაიაროს ნატურალიზაციის პროცესი, დაბადებული იყოს იტალიაში, დაქორწინებული იყოს იტალიის მოქალაქეზე ან ჰყავდეს იტალიელი წინაპრები. აღსანიშნავია, რომ სხვა უმეტესი ქვეყნების შემთხვევაშიც, სწორედ აღნიშნული პირობები მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ არსებობს დამატებითი მოთხოვნებიც.

უცხოელს იტალიის მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის პროცესის გავლით შეუძლია. ბინადრობის ნებართვის (Residence permit) აღების შემდეგ პირმა იტალიაში 10 წელი უნდა გაატაროს. ამ დროის განმავლობაში იგი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს იტალიაში, ჰქონდეს ოფიციალური შემოსავალი და იხდიდეს გადასახადებს. ამასთან, განაცხადის შეტანამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში აპლიკანტმა 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იტალიის ტერიტორია არ უნდა დატოვოს. აუცილებელია ენის ტესტის ჩაბარებაც: იტალიის მოქალაქეობის მსურველმა ენა მინიმუმ B1 დონეზე უნდა იცოდეს, რის დასადასტურებლად შესაბამისი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს.

თუკი მოქალაქეობის მიღების მსურველს მშობლები ან მაქსიმუმ 3 თაობის წინაპრები იტალიის მოქალაქეები ჰყავდა, ამ შემთხვევაში პროცესი მარტივდება და იგი მხოლოდ 3 წელს მოიცავს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა ექნება ადამიანს. 

იტალიის მოქალაქეზე დაქორწინების შემთხვევაში 1-დან 3 წლამდე პერიოდში შეუძლია ადამიანს მოქალაქეობის აღება. ამ შემთხვევაში, პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იქნება მისი მუდმივი საცხოვრებელი და ეყოლება თუ არა შვილი. B1 დონეზე ენის ცოდნა ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა. 

საბერძნეთი

მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, ნატურალიზაცია, ქორწინება და წინაპრების ყოლა საბერძნეთის მოქალაქეობის მოსაპოვებელი ერთ-ერთი მთავარი გზებია; ამასთან, საინტერესოა, რომ ქვეყანა სამხედრო სამსახურს ასევე განიხილავს, როგორც მოქალაქეობის მინიჭების საფუძველს. ამასთან, ბერძნული წარმოშობის საკითხი საყურადღებო დეტალია, ვინაიდან საბერძნეთი მოქალაქეობის ასაღებად აუცილებელი ბინადრობის ნებართვას უცხოელი ინვესტორების გარდა, გასცემს მხოლოდ ბერძნული წარმოშობის მქონე ადამიანებზე, ანუ არა მოქალაქეობით, თუმცა ეთნიკურად ბერძნებზე.

ნატურალიზაციის შემთხვევაში, პიროვნებას აუცილებელია, საწყის ეტაპზე ჰქონდეს ბინადრობის ნებართვა, რომელიც 5 წლის ვადით გაიცემა. ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია ჯერ მისი გახანგრძლივება და მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღება და მხოლოდ შემდეგ - მოქალაქეობის მიღებაზე განცხადების გაკეთება. ბინადრობის უფლებით საბერძნეთში მინიმუმ 7 წელი ცხოვრებაა საჭიროა, რომ პიროვნებამ ბერძნულ პასპორტზე განაცხადი გააკეთოს. აღნიშნული დრო შესაძლებელია შემცირდეს, თუ აპლიკანტი საბერძნეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული და მეუღლესთან ჰყავს საერთო ბავშვი, ან თუკი მოქალაქეობის მსურველს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, ანდაც თუკი აპლიკანტი ლტოლვილია.

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვისაც ერთი მშობელი ან რომელიმე წინაპარი, რომელსაც მუდმივი ბინადრობის უფლება ჰქონდა, მაინც ჰყავდათ ბერძენი. ბერძნული წარმომავლობა მოქალაქეობისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალია, ვინაიდან ნატურალიზაციის შემთხვევაშიც კი, ბინადრობის უფლება მხოლოდ მასზე გაიცემა, ვისაც ან ბერძნული წარმომავლობა აქვს, ან ვინც Greek Golden Visa Program-ში მოხვდა, რისთვისაც საბერძნეთი უცხოელებს ქვეყანაში ინვესტიციების გაკეთებას ავალდებულებს. 

ბერძენზე ქორწინების შემთხვევაში განაცხადის გაკეთება 3 წელში, ხოლო მოქალაქეობის მიღება - 5 წელიწადში უკვე შესაძლებელია. 

საინტერესოა სამხედრო სამსახურიც. თუკი პიროვნება უბრალოდ მოხალისის სტატუსით, ან ოფიციალურად გაწევრიანდება საბერძნეთის სამხედრო ძალებში ან სამხედრო აკადემიაში, მოქალაქეობა მას ავტომატურად მიენიჭება. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, მოქალაქეობის მსურველი იყოს ეთნიკურად ბერძნული წარმოშობის. 

გერმანია

გერმანიაში ამჟამად მოქალაქეობის აღების გამარტივება განიხილება; თუმცა ჯერ-ჯერობით უცვლელი რჩება ის მოთხოვნები, რომლებიც ქვეყანას მოქალაქეობის მსურველთათვის აქვს: ნატურალიზაციისათვის უცხოელი გერმანიაში ბინადრობის ნებართვით მინიმუმ 8 წელი უნდა ცხოვრობდეს. მხოლოდ ამ დროის გასვლისა და შესაბამისი საინტეგრაციო კურსის წარმატებით ჩაბარების შემდეგ შეიძლება მოქალაქეობის აღებაზე აპლიკაციის გაკეთება. საინტეგრაციო კურსი მოიცავს გერმანული ენის, ისტორიის, სამართლისა და სახელმწიფო სისტემის ცოდნას. 

გერმანელი მოქალაქის მეუღლეებთან დაკავშირებით მოქმედებს იგივე წესები; თუმცა ამ შემთხვევაში 3 წლამდეა შემცირებულია დროის პერიოდი, რომლის შემდეგაც უკვე შეიძლება მოქალაქეობის მიღებისათვის განაცხადის გაკეთება. 

გერმანული კანონები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება დამნაშავეების, ექსტრემისტებისა და ტერორისტების საკითხს. მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, 16 წელს გადაცილებულმა ნებისმიერმა პირმა უნდა გამოხატოს თავისუფალი და დემოკრატიული პრინციპებისადმი სავალდებულო ერთგულება. მოქალაქეობის მიღებამდე ყველა აპლიკანტი პოლიციის სამსახურის რეგულარულ შემოწმებებს გადის. 

საფრანგეთი

ფრანგული პასპორტიც საკმაოდ მძლავრი დოკუმენტია, რომლის ფლობის შემთხვევაშიც პიროვნებას მსოფლიოს 188 ქვეყანაში სრულიად თავისუფლად შეუძლია მოგზაურობა. 

საფრანგეთის მოქალაქეობის აღება უცხოელს ოთხი გზით შეუძლია: ნატურალიზაცია, ფრანგზე ქორწინება და ფრანგი წინაპრების ანდაც ფრანგი მშობლების ყოლა (მათ შორის შვილად აყვანაც). 

ნატურალიზაციის გზით საფრანგეთის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში პიროვნებას უკვე უნდა ჰქონდეს ქვეყანაში ბინადრობის უფლება. ამის შემდეგ ფრანგული ენის ცოდნის, შემოსავლის ქონის, გადასახადების სტაბილურად გადახდისა და კანონის დაურღვევლად შესრულების შემთხვევაში, მსურველს შეუძლია 5 წელიწადში გახდეს საფრანგეთის მოქალაქე. თავდაპირველად აუცილებელია ბინადრობის ნებართვის ქონა, რომელიც, როგორც წესი, 1-დან 10 წლამდე ვადით გაიცემა. აღნიშნული ნებართვა ავტომატურად ნიშნავს, რომ პიროვნებას შემოსავალი აქვს და გადასახადების გადამხდელია. ამასთან, სავალდებულოა ფრანგული ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება. 60 წელს გადაცილებული პირები თავისუფლდებიან ტესტის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუმცა მათ შესაბამის ინტერვიუზე მაინც უნდა წარმოაჩინონ, რომ ენას B1 დონეზე ფლობენ. გარდა ენისა, აუცილებელია საფრანგეთის ისტორიის ტესტის ჩაბარებაც. იმისათვის, რომ მოქალაქეობის მიღებამდე ბინადრობის ნებართვა შეინარჩუნოს, პიროვნებამ საფრანგეთის ტერიტორია ყოველ 10 თვეში 6 თვეზე მეტი ხნით არ უნდა დატოვოს. 

საფრანგეთის მოქალაქეზე ქორწინების შემთხვევაში მსურველს 4 წელი სჭირდება ფრანგული პასპორტის მისაღებად. თუკი წყვილი საფრანგეთის გარეთ ცხოვრობს, ამ შემთხვევაში, დრო 5 წლამდე იზრდება. ფრანგული ენის მინიმუმ B1 ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და შემოსავლების შესახებ დოკუმენტების წარდგენა ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა. 

საფრანგეთის მოქალაქეების შვილები ავტომატურად იღებენ მოქალაქეობას; იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი საფრანგეთის ტერიტორიაზე იბადება, თუმცა მისი მშობლები არ არიან საფრანგეთის მოქალაქეები, 18 წლის მიღწევის შემდეგ მას შეუძლია მოითხოვოს საფრანგეთის მოქალაქეობაა; ამ შემთხვევაში, აუცილებელია დადასტურება, რომ იგი ქვეყანაში მინიმუმ 5 წელი ცხოვრობდა. 

გარდა ტრადიციული გზებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების დაჩქარებაც შეიძლება: მათ შორის ერთ-ერთი საშუალებაა საფრანგეთში სწავლა; უცხოელის საფრანგეთში სწავლისათვის ბინადრობის ნებართვა უკვე გაიცემა. სწავლის წარმატებულად დამთავრებისა და საფრანგეთის სახელმწიფო პროგრამებში აქტიურად მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოქალაქეობის მიღების ვადა სტუდენტებისათვის 2 წელზე შემცირდეს. 

პოლონეთი

შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს პოლონეთის მოქალაქეობის მიღება. ამასთან, ქვეყანაში ცხოვრებას ბევრი ეკონომიკური სარგებელი აქვს. მათ შორისაა: სტაბილური ხელფასები, შედარებით დაბალი გადასახადები და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისაგან განსხვავებით, პროდუქტებზე დაბალი ფასები. 

ნატურალიზაციის გზით პოლონეთი უცხოელებისაგან მუდმივი ბინადრობის ნებართვის შემდეგ ქვეყანაში 3 წლით ცხოვრებას ითხოვს; ამ დროის განმავლობაში, პირი უნდა იხდიდეს გადასახადებს და ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი.  თუკი ადამიანი პოლონეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული, ამ შემთხვევაში, მუდმივი ბინადრობის ნებართვის შემდეგ მხოლოდ 2 წელი სჭირდება მას, რათა მოქალაქეობის მიღებისათვის აპლიკაცია შეიტანოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ლტოლვილის სტატუსით პირი მიიღებს ბინადრობის უფლებას პოლონეთში, შემდეგ მოქალაქეობის ასაღებად მას მხოლოდ 2 წელი დასჭირდება. 

არასრულწლოვანს, რომელსაც ერთი მშობელი პოლონეთის მოქალაქე ჰყავს და ფლობს მუდმივი ბინადრობის ნებართვას, უკვე შეუძლია მოითხოვოს პოლონეთის მოქალაქეობა; ხოლო პოლონელი წინაპრების ყოლის შემთხვევაში, თუკი პირს აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის აღება მას სულ რაღაც 1 წელიწადში შეუძლია. 

ყველა შემთხვევაში აუცილებელია სტაბილური შემოსავლის ქონა და მისი შესაბამისი დოკუმენტებით დამტკიცება. ამასთან, პოლონეთი მოქალაქეობის მიღების მსურველთაგან პოლონური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნას მოითხოვს. 

ესპანეთი

ესპანეთის მოქალაქეობის აღება, უმეტეს შემთხვევაში, ინდივიდს ავალდებულებს, დათმოს თავისი წინა მოქალაქეობა. იტალიისა და საფრანგეთის მსგავსად, ესპანეთშიც რამდენიმე შესაძლო ვარიანტია, თუმცა პროცედურები - მეტად ხანგრძლივი. 

ნატურალიზაციის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, აუცილებელია ბინადრობის ნებართვის ქონა. სწორედ ამის შემდეგ იწყება იმ დროის ათვლა, რომელიც მოქალაქეობის აღებას სჭირდება: 10 წელი ზოგადი წესია; ლტოლვილებისათვის ესპანეთს 5 წელი აქვს დაწესებული; თუკი უცხოელი ესპანურ-ამერიკული რეგიონების რომელიმე ქვეყნიდანაა, მხოლოდ მას შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნება, ამასთან, ესპანურის აღების უფლება 2 წელიწადში აქვს; ხოლო 1 წელი სჭირდებათ მათ, ვინც ან ესპანელზე არიან დაქორწინებულნი ან წარმოადგენენ ესპანეთში დაბადებული ესპანეთის მოქალაქეების შვილებს ანდაც შვილიშვილებს. 

ესპანეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებმა, აუცილებელია გაიარონ ენისა (DELE A2) და კულტურის (CCSE) გამოცდა. 

ამასთან, ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაზე აპლიკაციის შეტანის შემდეგ პასუხს შესაძლოა რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს. როგორც წესი, წარმატებული აპლიკანტი მოქალაქეობას აპლიკაციის შეტანიდან 1-დან 3 წლამდე პერიოდში იღებს. 

შვეიცარია

შვეიცარია არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, თუმცა იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ რთულ პირობებს უწესებს მათ, ვისაც მოქალაქეობის მიღება სურთ.

ნებისმიერ აპლიკანტს, რომელსაც სურს მიიღოს შვეიცარიის პასპორტი, პირველ რიგში, მოეთხოვება, ჰქონდეს მუდმივი ბინადრობის  ნებართვა, რომელიც ქვეყანაში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ გაიცემა. მანამდე ყველა უცხოელი ვალდებულია, ყოველწლიურად განაახლოს ხოლმე ბინადრობის ნებართვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეობის მსურველი დაქორწინებულია შვეიცარიის მოქალაქეზე, მას უნახევრდება პერიოდი და მოქალაქეობისათვის განაცხადის შეტანამდე 5 წელი მოეთხოვება, იცხოვროს შვეიცარიაში. ამასთან, გარდა ფორმალური დოკუმენტებისა, ნებისმიერ შემთხვევაში მოქალაქეობის მიღების მსურველმა უნდა აჩვენოს, რომ იგი შვეიცარიულ საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირდა, რაც გულისხმობს კანონებისა და კონსტიტუციური ღირებულებების პატივისცემას, შვეიცარიის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე სრულყოფილად საუბრისა და წერის უნარს, ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობასა (შემოსავლისა და საკუთრების  ქონა, გადასახადების გადახდა და ა.შ.) და სოციალურ სიახლოვეს ადგილობრივ საზოგადოებასთან. 

ნებისმიერი აპლიკაცია დიდი ყურადღებით შეისწავლება და გადაწყვეტილება სამ - ფედერალურ, კანტონურ და კომუნების მუნიციპალურ - დონეზე მიიღება. შვეიცარიის მოქალაქეობის მსურველთა აპლიკაცია, როგორც წესი, 2-დან 3 წლამდე განიხილება.