LIVE

კადრების მოზიდვის მიზნით, გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

29 მარ 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 3913
კადრების მოზიდვის მიზნით, გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

გერმანია მზადაა მიიღოს ახალი კანონი, რომელიც უცხოელებს მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებს.

ამ ნაბიჯის მიზანი გერმანიაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით, ქვეყნის მთავრობას სურს, რომ ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი კადრი მოიზიდოს.

დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლებს მომდევნო თვეებში წარედგინება, ითვალისწინებს შემდეგს - რეზიდენტებს საშუალება ექნებათ, 8 წლის ნაცვლად, მოქალაქეობაზე განაცხადი გერმანიაში ცხოვრების 5 წლის გასვლის შემდეგ გააკეთონ. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანაში ინტეგრაციისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს, მაგალითად, შეისწავლეს გერმანული ენა, მოქალაქეობის მიღება 3 წელში შეეძლებათ.

ყველაფერთან ერთად, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა კანადის ქულების სისტემას ეფუძნება, რომლის საშუალებითაც მაღალი კვალიფიკაციის კადრს ქვეყანაში შესვლისთვის აღარ დასჭირდება გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მისი სამუშაო გამოცდილება საკმარისად ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ ახალი საიმიგრაციო რეფორმა ყველაზე დიდი ცვლილებაა 2000 წლის შემდეგ (ამ პერიოდში გერმანიაში ემიგრანტი მშობლებისგან დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების სისტემა ამოქმედდა).

რაც შეეხება ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს, 2022 წელს გერმანიის მოსახლეობამ 84,3 მილიონი შეადგინა, რაც იმიგრაციის რეკორდული ზრდითაა გამოწვეული, მათ შორის უკრაინელი ლტოლვილების ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ქვეყანა დღემდე ებრძვის სამუშაო ძალის კრიზისს, რადგან ხანდაზმული დასაქმებულები სამსახურს ტოვებენ. იანვრის კვლევამ აჩვენა, რომ კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობის გამო, გერმანული კომპანიების ნახევარზე მეტს ვაკანსიების შევსება უჭირს.

უნდა ითქვას ისიც, რომ მასშტაბური ცვლილებების მიღებამდე 8 წლიანი რეზიდენტობის ვადით გერმანია სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ბევრად მკაცრი იყო. ამას ადასტურებს ისიც, რომ მაგალითად, საფრანგეთი და ირლანდია მოქალაქეობის მისაღებად ქვეყანაში ცხოვრების მხოლოდ 5 წელს ითხოვენ, თუმცა ესპანეთსა და იტალიაში აღნიშნულს 10 წელი სჭირდება.