LIVE

ECHR ადამიანის უფლებებზე კლიმატის ცვლილების გავლენის პირველ საქმეს განიხილავს

30 მარ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
ECHR ადამიანის უფლებებზე კლიმატის ცვლილების გავლენის პირველ საქმეს განიხილავს

2000-ზე მეტი ქალი ამტკიცებს, რომ შვეიცარიის კლიმატის ცვლილების პოლიტიკა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს და ამის გამო, ქვეყნის მთავრობას სასამართლოში უჩივის.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) ადამიანის უფლებებზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ საქმეს განიხილავს.

შვეიცარიაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო ტემპერატურაზე სწრაფად იზრდება და სითბური ტალღები უფრო ხშირია. მომჩივან ქალებს სურთ, რომ ECHR-მა შვეიცარიის მთავრობას სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად მეტი ზომის მიღება დაავალოს. 

შვეიცარიელი ქალები, რომელთა საშუალო ასაკი 73 წელია, თავს "კლიმატის მოხუცთა კლუბს" უწოდებენ და ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის მათ უფლებებს, ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. სასამართლოსთვის წარდგენილი მათი ჩვენება სამედიცინო ჩანაწერებსაც მოიცავს. 

ქალები ჩივიან, რომ კლიმატის ცვლილება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკებს. 

ევროპის კლიმატისა და ჯანმრთელობის ობსერვატორიის თანახმად, საშუალო ტემპერატურის მოსალოდნელი მატება, სავარაუდოდ, "სერიოზულ გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე" მთელ ევროპაში და ეს განსაკუთრებით შეეხება ხანდაზმულებს. 

გასული 20 წლის განმავლობაში ევროპაში 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 30%-ზე მეტად გაიზარდა.

შვეიცარიის მთავრობა არ უარყოფს, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანების ჯანმრთელობაზე, მაგრამ კონკრეტულად ხანდაზმული ქალების ჯანმრთელობასთან მის კავშირს ვერ ხედავს. 

თუ შვეიცარიის წინააღმდეგ ქალების საქმე წარმატებით დასრულდება, ეს შეიძლება იქცეს პრეცედენტად ევროპული სასამართლოს 46 წევრი ქვეყნისთვის.

მსოფლიოში ტემპერატურა იზრდება და კლიმატის ცვლილება ახლა საფრთხეს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს უქმნის.

კლიმატის მეცნიერების აზრით, ტემპერატურის მატება უნდა შენელდეს, იმისათვის, რომ ავიცილოთ თავიდან კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგები. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2100 წლისთვის ტემპერატურის მატება 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, IPCC-ის თანახმად, ევროპა დაუცველი იქნება წყალდიდობისგან, რომელიც გამოწვეულია ექსტრემალური ნალექებით.

ექსტრემალურმა ტემპერატურამ ასევე შეიძლება გაზარდოს ტყის ხანძრების რისკი, როგორც ეს ევროპაში გასულ ზაფხულს დაფიქსირდა.

2022 წლის იანვრიდან ივლისის შუა პერიოდში, სხვა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საფრანგეთსა და გერმანიაში დაახლოებით 7-ჯერ მეტი ფართობი დაიწვა.