LIVE

ევროკავშირი გაზის დაზოგვის გეგმას 2024 წლის მარტამდე ახანგრძლივებს

29 მარ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 419
ევროკავშირი გაზის დაზოგვის გეგმას 2024 წლის მარტამდე ახანგრძლივებს

27 წევრი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ გაზის მოხმარების ნებაყოფლობით 15%-ით შემცირების გეგმა 2024 წლის მარტამდე გაახანგრძლივონ

"მხოლოდ პირველი ბრძოლა მოვიგეთ. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კურსი უნდა შევინარჩუნოთ", - თქვა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა, რომელიც დაზოგვის გეგმის გახანგრძლივების ინიციატივით გამოვიდა. 

მისივე თქმით, ამ გზით, ბლოკს 2024 წლის აპრილისთვის 60 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დაზოგვა შეუძლია. 

გაზის მოხმარების შემცირების უპრეცედენტო გეგმაზე ქვეყნები გასული წლის ზაფხულში, ენერგეტიკული კრიზისის პიკზე შეთანხმდნენ, როდესაც გაზის ფასები, ერთი შეხედვით, შეუჩერებელი ზრდის ტენდენციას ავლენდა და რუსეთი მილსადენის ნაკადებით აქტიურად მანიპულირებდა. 

თავდაპირველი შეთანხმების მიზანი 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე გაზის მოხმარების ნებაყოფლობით 15%-იანი შემცირება იყო, რომელიც დეფიციტის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალდებულო ნორმად ქცეულიყო. 

წარმოუდგენლად მაღალი გადასახადის შიშმა მომხმარებლებსა და კომპანიებს ენერგიის დაზოგვისკენ უბიძგა. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირმა იმაზე მეტი გაზი დაზოგა, ვიდრე გეგმავდა: 2017-დან 2022 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასული წლის აგვისტოდან იანვრამდე გაზის მოთხოვნა თითქმის 19.3%-ით შემცირდა.

ყველაზე დიდი დანაზოგი დაფიქსირდა ფინეთში (-57.3%), ლიტვაში (-47.9%) და შვედეთში (-40.2%).

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) თანახმად, ეს არის გაზის მოხმარების ყველაზე მკვეთრი ვარდნა.

ექსპერტები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაზის დაზოგვა კონტინენტს ენერგეტიკული კრიზისის ყველაზე უარესი სცენარის გადალახვაში დაეხმარა.

გასული წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ევროკავშირის მძიმე ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ვინაიდან მანამდე რუსეთი ევროპისათვის ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო, გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაზის კრიზისი გააჩინა: შემცირდა მარაგები და რეკორდულად გაიზარდა ფასები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა ენერგეტიკული კრიზისი წარმატებით დაძლია.