LIVE

ამერიკის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა იკლებს

01 აპრ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 432
ამერიკის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა იკლებს

აშშ-ს $20 ტრილიონად შეფასებულ კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იკლებს. როგორც საერთაშორისო ეკონომისტები ამბობენ, ინდუსტრია "კედელს შეეჯახა".

საოფისე და საცალო ქონებაზე მოთხოვნის კლება ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაიწყო, როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა და ამის შედეგად დღესაც, ხშირად, საოფისე შენობის მხოლოდ 50%-ია კადრებით დატვირთული. ოდნავ მოგვიანებით კი, უკვე Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების არაერთხელ გაზრდის შედეგად, კომერციული უძრავი ქონების სექტორი კიდევ უფრო დაზარალდა.

ბოლო კვირებში საბანკო სექტორში განვითარებული მოვლენები და გაზრდილი რიკები კი, სავარაუდოდ, მდგომარეობას უფრო დაამძიმებს, რამდენადაც კომერციული უძრავი ქონების დეველოპერებისა და მენეჯერებისთვის სესხებს ძირითადად მცირე და საშუალო ზომის ბანკები გასცემენ, სადაც ახლა ლიკვიდობაზე ზეწოლა ყველაზე მძიმეა. Goldman Sachs-ის ეკონომისტების აზრით, კომერციული ქონების საბანკო სესხების დაახლოებით 80% სწორედ რეგიონულ ბანკებზე მოდის.

კომერციული უძრავი ქონების სექტორის ვარდნა რამდენად დიდი საფრთხეა ზოგადად ეკონომიკისთვის? - როგორც ამ სექტორის ეკონომისტი ქსანდერ სნაიდერი ამბობს, ბანკებს კომერციული უძრავი ქონების მიმართ დიდი ზემოქმედება აქვთ, ეს კი გავლენას ახდენს საბანკო სტაბილურობაზეც. შედეგად, მსგავსი მოცემულობა ზოგადად ბაზარსაც მეტად აჯანსაღებს. თუმცა ახლა, როცა საბანკო კრიზისის ფონზე, მცირე და საშუალო ზომის ბანკები სავარაუდოდ უფრო გაამკაცრებს დაკრედიტების სტანდარტებს, სესხის მიღებაც უფრო გართულდება. საბოლოოდ, არამხოლოდ კომერციული უძრავი ქონების სექტორი, არამედ მთლიანად ბაზარი დაზარალდება.

და ბოლოს, ეკონომისტების ძალიან დიდი ნაწილი წლის მეორე ნახევარში რეცესიას პროგნოზირებს. მოლოდინია, რომ წლიური ინფლაციაც 4%-ზე მაღალი იქნება - უარყოფითი მოლოდინები კი არსებულ ვითარებას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის.