LIVE

საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს - TI

24 მარ 202311:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 446
საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს - TI

ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს,- ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის ერთ-ერთი მიგნება.

TI-მა შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები და როგორც ირკვევა, შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი ექვსი წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. თანამდებობის პირები მასობრივად არღვევენ დეკლარაციის შევსების წესებს, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო ჯარიმით ან გაფრთხილებით შემოიფარგლება. ასევე, ყურადღების მიღმა რჩება ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, მათ შორის სავარაუდო უკანონო გამდიდრების შემთხვევები. 2022 წელს კი ბიუროს პროკურატურისთვის არცერთი შემთხვევა არ გაუგზავნია.

დარღვევების მაღალი მაჩვენებელი

2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული. ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი (39%), ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა (13%). TI-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%). 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად.

"უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად აქვთ. მაგალითად, სამი და მეტი ტიპის დარღვევა თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტს (53%) უფიქსირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია. ეს, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, როგორც ანტიკორუფციულ მექანიზმს",- აღნიშნულია კვლევაში.

აღსანიშნავია ტენდენციაც, რომლის თანახმადაც, 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება ოჯახის წევრ(ებ)ის მონაცემების მითითებასთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა. თუ 2019 წელს უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ში ვხვდებოდით ამ ტიპის დარღვევას, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 78%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო ოთხი წელია ყოველწლიურად იზრდება ხელშეკრულებებთან და საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის არ/არასწორად მითითების შემთხვევები. აღსანიშნავია, თანამდებობის პირების მიერ ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის უპასუხოდ დატოვებაც. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ია, მაშინ როცა 2019 წელს 11% იყო. 

არცერთი მიმართვა პროკურატურას

2022 წელს, პირველად, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არც ერთი დეკლარაცია არ გადაგზავნილა პროკურატურასთან.

"პროკურატურაში გაგზავნილი საქმეების დაბალი რაოდენობა შესაძლოა მეტყველებდეს: ერთი მხრივ, კორუფციული დარღვევების გამოვლენის პოლიტიკური ნების არ არსებობაზე; და მეორე მხრივ, დაკავშირებული იყოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის ხასიათის (არა არსებითი თუ არსებითი) დისკრეციულად გადაწყვეტასთან. ამის კარგი ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშში, დარღვევების ტიპების აღწერისას, ვკითხულობთ, რომ „უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 44%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება…“. 2022 წლის ანგარიშშიც, დარღვევების კატეგორიის ნაწილში ბიურო კვლავ იყენებს ტერმინის „გამორჩენილი იყო.“ გაუგებარია, როგორ ადგენს ბიურო, რომ თანამდებობის პირს უბრალოდ „გამორჩა“ დეკლარაციაში უძრავი ქონების მითითება და არ ცდილობდა, მაგალითად, მის დამალვას",- აღნიშნავენ TI-ში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოვლენილი ნაკლოვანებების ფონზე, იძლევა რეკომენდაციას, რომ:

  • გაიზარდოს დეკლარანტ პირთა წრე და დაემატოს ყველა დონის პროკურორი, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლები და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლები;
  • განახლდეს დეკლარაციით გათვალისწინებული წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა. მაგალითად, საჯარო უნდა გახდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და გათავისუფლების შემდეგ გაწეული ანაზღაურებადი საქმიანობა;
  • საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას უნდა გააძლიეროს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის კომპონენტი და სრულად გაასაჯაროოს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია.