ქართული სტარტაპი Phubber-ი, რომელსაც დღეს 4 წელი შეუსრულდა, 2023 წელს ოპერირებას დამატებით 4 ქვეყანაში დაიწყებს.
ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ Phubber-ის აპლიკაცია აპრილიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე გამოჩნდება, წლის მეორე ნახევარში კი ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე აპლიკაციის გაშვების პარალელურად, Phubber Consignment-ის ფიზიკური ლოკაცია მოეწყობა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე მორგებული აპლიკაცია ტექნიკურად უკვე მზად არის. აზერბაიჯანის ბაზარზე ასევე Consignment-ის შოურუმს ვხსნით. ახლა რემონტი მიმდინარეობს. დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებისთვის უნდა დავასრულოთ, რის შემდეგაც ოფიციალური გაშვების ცერემონია გვექნება. აპლიკაცია პარალელურად გაეშვება სომხეთში.
Phubber-ის აპლიკაცია სრულად გამართული გვაქვს როგორც უზბეკეთში, ასევე ყაზახეთში, მაგრამ 4 ბაზარს ერთდროულად ვერ გავუშვებთ. პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის პროცესი, რომ ამ ორ ბაზარზე ოპერირება ეფექტურად დავიწყოთ. შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში აპლიკაციას გავუშვებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე, წლის მეორე ნახევარში კი - ყაზახეთისა და უზბეკეთის“, - აღნიშნა Phubber-ის თანადამფუძნებელმა.
გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით, შემდეგი სამიზნე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია. ქართული სტარტაპი გეგმავს, რომ 2024 წლიდან ოპერირება რუმინეთისა და ბულგარეთის ბაზრებზე დაიწყოს.
პირველი უცხოური ბაზარი, სადაც Phubber-ი შევიდა უკრაინა იყო. ქართული სტარტაპის აპლიკაცია უკრაინელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლიდანაა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა, კომპანიას გეგმები შეუცვალა.
Phubber-ს დღეს 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და მათი დიდი ნაწილი საქართველოდანაა.
„როცა ვიწყებდით, ვერც კი ვიოცნებებდით, რომ Phubber-ი ასეთ მასშტაბებს მიიღებდა. 4 წელია ბაზარზე ვართ და უკვე 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც Phubber-ის პლატფორმაზე ტრანზაქციებს აკეთებს და ნივთებს ათავსებს. მათ გარეშე არაფერი იქნებოდა.
მომხმარებლების ძირითადი ნაწილი საქართველოშია. უკრაინაში დაახლოებით 15 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს, თუმცა ახლა ისინი არ აქტიურობენ.
Phubber-ის პირველი სირთულე პანდემია იყო. ჩვენ 2019 წლის მარტში დავიწყეთ ოპერირება, 2020 წელს კი პანდემია დაიწყო. ეს დიდი გამოწვევა იყო, თუმცა პლუსი ის ჰქონდა, რომ ელექტრონული კომერცია წინა პლანზე წამოვიდა და ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს Phubber-ი დაახლოებით, 4-ჯერ გაიზარდა. შემდეგ წლებშიც ძალიან კარგი ზრდა გვქონდა.
უკრაინაში ომმა გეგმები მნიშვნელოვნად შეგვიცვალა. პანდემია არ იყო დამთავრებული და ომი დაიწყო. Phubber-ის ოპერაციებზე და განვითარების გეგმებზე, ორივე პირდაპირ აისახა. თუმცა სტარტაპის იმისთვისაა, რომ არაპროგნოზირებად და რთულ გარემოში გაიკვლიოს გზა. ამაყი ვართ გუნდით, რომელმაც უკრაინაშიც ძალიან კარგად იმუშავა და ომის მიუხედავად იქაც კარგი შედეგები გვქონდა. უკრაინაში კარგი ფუნდამენტი გვაქვს შექმნილი. როგორც კი უკრაინა გაიმარჯვებს და დაწყნარდება ვითარება, იქ ძალია კარგ შედეგებს დავდებთ“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.
უკრაინელების თანადგომის მიზნით, Phubber-მა ომის დაწყებიდან 2 თვეში უკრაინაში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. სტარტაპმა უკრაინელი დიზაინერები და უკრაინული ბრენდები ქართველ მომხმარებლებს დააკავშირა. კომპანიის მიზანი იყო, Phubber-ი უკრაინელებისთვის შემოსავლის წყარო გამხდარიყო. გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში Phubber-ზე 200-მდე უკრაინელი დიზაინერისა და უკრაინული ბრენდის კატალოგი განთავსდა. შედეგად კი, მათ ჯამში 70 000 დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.